2019-03-18

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”

2019 წლის 18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება ყოველწლიური ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს მრავალ ასპექტს, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, თანამედროვე სოციალური გარემო და სხვა. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობის გზით სხვადასხვა სასწავლო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა პრიზმიდან განიხილონ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ ნაშრომები, რომლებიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის პრობლემატიკას, ეხება, გავლენას ახდენს ან მსგავსია კავკასიის რეგიონის ქვეყნების გამოწვევებისა.

კონფერენცია მოიცავს ხუთ სესიას:

  • ეკონომიკა;
  • ინტერდისციპლინური სესია;
  • საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკის მეცნიერება;
  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა;
  • ჟურნალისტიკა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს;

VII ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები” გაიმართება ქ. თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია თითოეულ სესიაზე შეაჯამებს მონაწილის მიერ წინასწარ გამოგზავნილი ნაშრომისა და პრეზენტაციის შეფასებას და გამოავლენს ავტორ(ებ)ს, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დააჯილდოვებს თბილისი მოლის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით, ხოლო საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალის სპეციალური ნომრის სახით.

კონფერენციის თითოეულ მონაწილეს ნაშრომის წარდგენის შემდეგ გადაეცემა სერთიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 25 მარტი, 2019 წელი.

დამატებითი ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის, აკადემიური კომისიის და სხვა დეტალების შესახებ იხილეთ: https://ss.ibsu.edu.ge/student-conference/
Print

« იხ. ყველა სიახლე