2014-09-11

12 სექტემბერი ეკონომისტის დღეა, გილოცავთ!

ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო!

ნება  მომეცით  მოგილოცოთ  ეკონომისტის  პროფესიული  დღე - 12 სექტემბერი! განსაკუთრებით მინდა მიულოცო ეს დღე პირველკურსელებს, მათ ნამდვილად  სწორი არჩევანი გააკეთეს თავისი პროფესიის არჩევისას.

ეს დღე არის კარგი საშუალება, რათა კიდევ ერთხელ ერთად გავიაზროთ  თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკას სახელმწიფოს მშენებლობის და განვითარების საქმეში. საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობას არც თუ ისე დიდი ისტორია გააჩნია, მაგრამ ეს შედარებით მოკლე ისტორიული მონაკვეთი აღსავსე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ხასიათის მოვლენებით - საკუთრებითი ურთიერთობების შეცვლა, ეროვნული ვალუტის, დამოუკიდებელი საბიუჯეტო და საბანკო სისტემის შემოღება, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ახალი სისტემის ჩამოყალიბება და სხვ. ყველა ამ პროცესში ჩართული იყო მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ეკონომისტები.

ხოლო დღეს,  როდესაც ქვეყანა იმყოფება თვისებრივად ახალი გამოწვევების წინაშე, ჯერადობით იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ-ეკონომისტებზე და შესაბამისად  ახალი ამოცანები დგება ფაკულტეტის პროფესურ-მასწავლებლების წინაშე.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, საქართველოს ყველა ეკონომისტს გულითადად ვულოცავ ამ მნიშვნელოვან პროფესიულ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ თავიანთ საქმიანობაში ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის!

                                       
თეიმურაზ ბერიძე
                         ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
                           სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
                            და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

Print

« იხ. ყველა სიახლე