2020-09-12

ქართულ-გერმანულ-აზერბაიჯანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: „გლობალური პროფესიული უნარები - ლიდერობა და დასაქმების შესაძლებლობები“ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ათი დღით ადრე, 2020 წლის 4 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიხსნა და 12 სექტემბერს დაიხურა, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „გლობალური პროფესიული უნარები - ლიდერობა და დასაქმების შესაძლებლობები“. აღნიშნული უნივერსიტეტების გარდა, სკოლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტისა და თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

აღნიშნული საზაფხულო სკოლა უკვე მეხუთედ გაიმართა. 2017 და 2018 წლებში მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა, მაშინ მრავლად გვესტუმრენ გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. 2016 და 2019 წლებში სკოლა ბაქოში ჩატარდა, სადაც ასევე თსუ სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. 2020 წელს, გლობალური პანდემიის გამო, პირველად საზაფხულო სკოლა დისტანციურად, ინტერნეტ სივრცეში გაიმართა.

დღიდან დაარსებისა, პროექტის საერთო ხელმძღვანელია გერმანელი პროფესორი მაგდალენა შტულბი, თანახელმძღვანელები პროფესორი გაბრიელა ვოლფი და სვენ ბინდერი. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის კოორდინატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგრიჭიანი.

თეორიულ მეცადინეობებს უძღვებიან გერმანელი, ქართველი და აზრბაიჯანელი პროფესორები და მოწვეული პედაგოგები. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობდნენ თამარ კბილაძე და სოფიკო ჯვარშეიშვილი.

ჩვეულებისამებრ, საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებულია არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მეცადინეობებიც. ამ მიზნით, წელს, სამივე მონაწილე ქვეყანაში წინასწარ შეირჩა ბიზნეს კომპანიები ჯანდაცვის, სპორტისა და მრეწველობის სფეროდან.

2020 წელს საქართველოს მხრიდან საზაფხულო სკოლის პროექტის პარტნიორები გახდნენ:
- სტომატოლოგიური კლინიკა „მედი დენტ პლუსი“ (დირექტორი თამარ დოლიძე);
- საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ (პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი)
-საქართველო-ისრაელის ერთობლივი კომპანია „ბარ ლევ ჯგუფი“ (გენერალური დირექტორი აჰარონ გაგულაშვილი) რომელიც წარმატებითაა დასაქმებული საქართველოში მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და განვითარების საქმეში.

ანუკა ქორქია , თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, საზაფხულო სკოლის მონაწილე: - „საერთაშორისო საზაფხულო სკოლა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სხვადასხვა ქევყნიდან, გაიცნონ ერთმანეთი, ერთმანეთის კულტურა და წეს-ჩვეულებები. პროექტი საკმაოდ ინტერაქციული და ნაყოფიერია. მიუხედავად ამისა, რომ წელს სკოლა დისტანციურ რეჟიმში ტარდება, ვფიქრობ თითოეულმა მონაწილემ ძალიან მაღალ დონეზე შეძლო, როგორც საკუთარი თავის, ისე უნივერსიტეტისა და თავისი ქვეყნის წარმოჩენა. პროექტის მთავარ თემას წარმოადგენს გლობალური სამუშაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რაც მეტად აქტუალური და საინტერესო საკითხია თითოეული სტუდენტისათვის. თითოეული შეხვედრა არის საკმაოდ ნაყოფიერი და ინფორმატიული, აქტიურად ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და რაც მთავარია, პროექტი მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი საზაფხულო კვლევა უფრო სრულყოფილი გავხადოთ. გარდა ამისა, ეს პროგრამა გვეხმარება უამრავი თვისებისა და უნარის დახვეწაში, როგორიცაა კომუნიკაციის, პრეზენტაციის, გუნდური მუშაობის და სხვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ორგანიზატორსა და მონაწილეს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებისათვის“.

ლუკა კანკაძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, საზაფხულო სკოლის მონაწილე  - “კავკასიის საზაფხულო სკოლა ნამდვილად უნიკალური პროექტია, რომელიც წლებია ხორციელდება და ხელს უწყობს ქართველი, გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მრავალმხრივ დაახლოებას. ყოველდღიურად გვიტარდება სემინარები, ვმუშაობთ სხვადასხვა საინტერესო პროექტზე, შეხვედრების დროს აქტიურად ვმსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმუშევრობა, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევები და ასე შემდეგ. ყველაზე უჩვეულო ის არის, რომ წელს საზაფხულო სკოლის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, რაც მას საკმაოდ განსაკუთრებულს ხდის. სტუდენტები და საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები წარმატებით ვახერხებთ გავაძლიეროთ მეგობრული ატმოსფერო ვირტუალურ სივრცეშიც კი. ამ დღეების განმავლობაში მიღებული საერთაშორისო გამოცდილება და ახალი სოციალური კავშირები დამეხმარება  მომავალი “Erasmus+“ გაცვლითი სემესტრი უფრო ნაყოფიერად გავატარო კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში“.

12 სექტემბერს, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, ვირტუალურ სივრცეში, საზეიმო ვითარებაში დაიხურა. დახურვის ცერემონიალში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების, პარტნიორი კომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან, სკოლის ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს მიესალმა და წარმატებული მუშაობა მიულოცა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, რომელმაც 2021 წლისათვის სკოლის მონაწილეები საქართველოში მოიწვია.

საზახულო სკოლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები. მომავალი წლისთვის ასევე იგეგმება ტრადიციის გაგრძელება და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.


Print

« იხ. ყველა სიახლე