ახალგაზრდა ეკონომისტების მორიგი წარმატება

 
მკითხველს ალბათ ახსოვს ჯერ კიდევ 2010 წლის ივლისის თვეში ფაკულტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია საერთაშორისო საზაფხულო ეკონომიკურ სკოლაში ახალგაზრდა ქართველი ეკონომისტების წარმატების შესახებ. აღნიშნულმა წერილმა უნივერსიტეტის პროფესორების და სტუდენტების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ქართველების მიერ გაწეულ ღვაწლს უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია და უკვე მომდევნო საერთაშორისო კონფერენციის სამზადისშივე დიდი იყო ყურადღება ჩვენი კონკურსანტების მიმართ. ახალ სამეცნიერო კონფერენციას ხმელინცკის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა 21-25 სექტემბერს უმასპინძლა. სტუდენტების შერჩევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, საპროექტო ნაშრომების აქტუალობასა და კვლევის სიღრმეზე იყო დამოკიდებული. აღნიშნული პროცედურის შედეგად, საქართველოდან მიწვეულნი იქნენ: ერეკლე პირველი (თსუ), თორნიკე ჩხუტიაშვილი (თსუ), ბექა გოჩოლეიშვილი (თსუ) და მიშა ჩიქოვანი (ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

სამგზავრო ხარჯები უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო, იმ პირობით, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით დედა უნივერსიტეტი და ქვეყანა წარმოგვეჩინა. ბიჭები 21-ში დილით გაფრინდნენ კიევის მიმართულებით. ეს მათთვის პირველი არ იყო, შესაბამისად დაბნეულობა ნაკლებად თუ შეინიშნებოდა. იმ დღესვე ხმელინცკის მიმართულებით აიღეს გეზი, 5 საათიანი მგზავრობა ნამდვილად დამღლელი იქნებოდა, თუმცა სხვადასხვა გამოცანებისა თუ სახალისო ამბების მოყოლით ეს პროცესი მეტნაკლებად გაიადვილეს ახალგაზრდებმა.

"ცოტა ძნელია ქართველი კაცი სტუმარ-მასპინძლობით გააკვირვო, თუმცა უკრაინელებმა ეს ნამდვილად შეძლეს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში დაგვაბინავეს და ქალაქის ღირსშესანიშნავი თუ გასართობი ადგილები დაგვათვალიერებინეს” – აცხადებს თორნიკე ჩხუტიაშვილი.

საღამოს, “Global Village”-ზე საქართველოს პირველი პრეზენტაცია გვევალებოდა, მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის სამზარეულო უნდა წარედგინათ. ხევსურულ სამოსსა თუ ჩოხებში გამოწყობილებმა ვუმასპინძლეთ ქართულ სუფრასთან თავმოყრილებს. დაინტერესდნენ როგორც ჩაცმულობით და სამზარეულოთი, აგრეთვე ქართული სადღეგრძელოებით. ყველას სურდა გაესინჯა გოზინაყი და ჩურჩხელა, ხაჭაპური და მჭადი, დაეგემოვნებინა ქართული ღვინო. მოდიოდნენ სურათების გადასაგებად და ვერ მალავდნენ ემოციებს.

    

მეორე დღეს კი მთავარი დაიწყო; კონფერენცია გახსნილად გამოცხადდა, დაძაბულობამ ოდნავ იმატა, თუმცა ქართველებს ნაკლებად ეხებოდა. ბიჭები შემდეგი თემებით წარსდგნენ: ერეკლე პირველი – ა) “Innovative Aspects of a National Economic Development”, ბ) “Optimum Currency Area”; თორნიკე ჩხუტიაშვილი – “Paciliarities of Bussiness-Angel’s development in Georgia”; ბექა გოჩოლეიშვილი – “Use of nondocumentative information system in projecting Companies” 

    

გადაჭარბებული არ იქნება თუკი ვიტყვით რომ ჩვენი მოხსენებები გამოირჩეოდა სხვებს შორის, აქტიურობდნენ შეკითხვების დასმისას, დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სხვადასხვა საჩუქრებით, ორგანიზატორებმა გამორჩეული თემებით დააკომპლექტეს და გამოუშვეს ახალი კრებული გლობალიზაციის  ირგვლივ, რომელიც იწყება ქართველთა თემით ინოვაციურობის შესახებ. სიმწვავე არ აკლდა მათ მიერ დასმულ შეკითხვებსა თუ დებატებს, განსკაუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების მიმართ.

        

შედეგი კი ამ ყველაფრისა ის გახლდათ, რომ ხმელინცკის ნაციონალური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტთან არსებული არაფორმალური ურთიერთობების ოფიციალური გაფორმება გადაწყვიტა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.


                          

მომდევნო დღეს მოეწყო ექსკურსია, ქალაქ Камен подолск-ში. დაგვათვალიერებინეს ციხე-სიმაგრეები, ვესტუმრეთ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა.

მთლიანად ქართული დელეგაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მხარდაჭერისთვის, ჩვენს დეკანს, ქ-ნ ელენე ხარაბაძეს განსაკუთრებული გულისხმიერებისა და გვერდში დგომისათვის. ასევე ზემოთხსენებული კონფერენციის ორგანიზატორებს ყურადღების, გულთბილი მასპინძლობისა და მოწვევისათვის; ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი სტუდენტის ცხოვრებაში და ვიმედოვნებთ მომავალშიც გაგრძელდება ორმხრივი თანამშრომლობა, რათა არაერთ სტუდენტს მიეცეს საკუთარ ძალებში დარწმუნების და საერთასორისო გამოცდილების შეძენის შანსი.

                                                 ერეკლე პირველი                 
თორნიკე ჩხუტიაშვილი