გვაქვს პატივი მოგიწვიოთ „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება ამა წლის 6 თებერვალს 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (ჭავჭავაძის ქ. 1), აუდ. 107.
მოგეხსენებათ, 2014 წლის 19 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტების ინიციატივით დაარსდა - საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“, რომელსაც 2015 წლის 26 ნოემბერს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა (№21-11/124483).
ფონდის მისიაა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით.
ფონდის დაარსებიდან დღემდე, ფონდს წევრებისა და სხვა ფიზიკური პირების, ასევე ბიზნეს ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების ფულადი შემოწირულობის საშუალებით შეგროვდა 52 ათას ლარზე მეტი, რომელიც განაწილდა 84 მაღალი აკადემიური მოსწრების, თუმცა ფინანსურად შეზღუდული სტუდენტის სწავლის საფასურით დასაფარავად.
შემოწირულობები გრძელდება. სტუდენტებისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით განაცხადების მიღების შემდეგი ეტაპი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.