ახალგაზრდა ქართველი ეკონომისტების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  15 მაისს გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებული 5 სტუდენტი, ამავე ფაკულტეტის ასოც. პროფ. შოთა შაბურიშვილის ხელმძღვანელობით 1 ივლისს უკრაინაში, დონეცკის ნაციონალური უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზაფხულო ეკონომიკურ სკოლაში გაემგზავრა. აღნიშნული ღონისძიება უკვე მე-14 წელია ტარდება. წელს საზაფხულო სკოლაში 15 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი  ეკონომიკის ძირითად საკითხებზე ლექციების მოსასმენად და სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ასევე მოიცავდა სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. გარდა აღნიშნულისა, ახალგაზრდა ეკონომისტთა მისიას ფართო აუდიტორიისათვის საკუთარი ქვეყნის წარდგენა წარმოადგენდა. ჯგუფის თითოეული მონაწილე მოხარული ვართ, რომ ამ საპატიო მისიის შესრულება დაგვეკისრა.

კიევში, საპასპორტო კონტროლზე უკრაინელი მესაზღვრე დაინტერესდა ჩვენი გამგზავრების მიზეზით და გულახდილად ვუთხარით, რომ გასამარჯვებლად მივდიოდით; "პირობა მივეცით", რომ პირველ ადგილსაც მოვიპოვებდით და სხვა ბევრი ჯილდოთი დავბრუნდებოდით სამშობლოში. თუ როგორ შევასრულეთ დანაპირები, მკითხველმა განსაჯოს.

თავისუფალი დრო, რომელიც ქალაქ დონეცკში გამგზავრებამდე გვქონდა, ნაყოფიერად გამოვიყენეთ და უკრაინის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ. განსაკუთრებით კმაყოფილი ქართული დელეგაციის ბიჭები ჩანდნენ, რომლებიც უკრაინელი ქალბატონების ვიზუალურმა მხარემ გულგრილნი ნამდვილად არ დატოვა.  დღემ საინტერესოდ ჩაიარა, საღამოს კი დონეცკის საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პალატისაკენ ავიღეთ გეზი, სადაც საზაფხულო სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი იგეგმებოდა.

2 ივლისს სვიატიგორსკის პანსიონატში დავბინავდით. დასვენების და ვახშამის შემდეგ “Global Village”-ზე საქართველოს პირველი პრეზენტაციის მისია გვეკისრებოდა, სადაც მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის სამზარეულო უნდა წარედგინა. როგორც აღმოჩნდა, მხო¬ლოდ ჩვენ არ დაგვვიწყებია ნაციონალური სამოსის წაღება და ქართულ კაბაში, ხევსურულ სამოსსა და ჩოხებში გამოწყობილებმა ვუმასპინძლეთ ქართულ სუფრასთან თავმოყრილებს. ინტერესი კი მართლაც დიდი გამოიწვია როგორც ჩვენმა ჩაცმულობამ, ასევე, ქართულმა სამზარეულომ. ყველას სურდა გაესინჯა გოზინაყი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და ტყლაპი, დაეგემოვნებინა ქართული ღვინო. მოდიოდნენ ფოტოების გადასაღებად და აღფრთოვანების გულწრფელ ემოციებს ვერ მალავდნენ. ქართველებისადმი ასეთი ყურადღება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი რუსი მეზობლებისათვის. თუმცა, მთავარი სიურპრიზები მათ ჯერ კიდევ წინ ელოდათ.

3 ივლისს დრო ძირითადად ლექციების მოსმენას, მსჯელობას და დისკუსიებს დაეთმო. სხვადასხვა ქვეყნის პროფესორებთან ერთად გამორჩეულად საინტერესო ლექცია წაიკითხა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა შაბურიშვილმა თემაზე _ "ბიზნეს-ანგელოზების სექტორის განვითარების თავისებურებები საქართველოში", რამაც დარბაზში შეკრებილი ფართო აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

4 ივლისი ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რადგან სწორედ ამ დღეს უნდა შეგვესრულებინა ჩვენი მთავარი მისია _ ქართული კულტურის და ტრადიციების წარმოჩენა. სრულიად მოულოდნელად, დაგეგმილი ლაშქრობა იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ველოდით. მიუხედავად იმისა, რომ მთაში სიარულით დავიღალეთ, შთაბეჭდილებებითაც დავიტვირთეთ: გავეცანით სვიატაგორსკის ლამაზ ბუნებას, მოვაწყეთ Barbecue და ბოლოს ვესტუმრეთ ადგილს, სადაც განდეგილები ცხოვრობდნენ.

დამღლელი დღის შემდეგ ბანაკში დაბრუნებულებს მხოლოდ ერთი საათი გვქონდა დარჩენილი პრეზენტაციის მოსამზადებლად. საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ერეკლე პირველმა, რუსუდან გონგლაძემ და შორენა კალანდარიშვილმა სლაიდების დახმარებით დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გმირული წარსული, ბუნებ¬რივი და კულტურული სიმდიდრე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი. პრეზენტაციის მსვლელობისას აუდიტორიას საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო, მჭადი და სულგუნი. პრეზენტაცია ქართული ცეკვებით დაგვირგვინდა.  დიდი მოწონება დაიმსახურა რუსუდან გონგლაძის, ერეკლე პირველის და თორნიკე ჩხუტიაშვილის მიერ შესრულებულმა ცეკვა ქართულმა; აჭარულზე კი ჩვენთან ერთად მთელი აუდიტორია აცეკვდა. ემოციებს ვერ მალავდა საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი იური მაკაგონი: “ქართველთა ცეკვაში ნამდვილად ჩანდა კავკასიური ხასიათი, რომლითაც ისინი მუდამ გამოირჩევიან”.

საქართველოს პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ უმნიშვლოვანესი მისია და პირველ დღეს უკრაინელი მესაზღვრისთვის მიცემული "პირობა" ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო. 5 ივლისს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, სადაც მონაწილე ქვეყნების სტუდენტებმა საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს. მწვავე კონკურენციის მიუხედავად ცალსახად გამოვლინდა ახალგაზრდა ქართველი ეკონომისტების უპირატესობა, რაც ჩვენი დელეგაციის მიერ მოპოვებულ ჯილდოებსა და სიგელებში აისახა. ღონისძიების სპონსორების მიერ კონფერენციის გამარჯვებულისათვის დაწესებული ჯილდო _ ოქროს კალამი _ საუკეთესო მოხსენებისათვის მოიპოვა შორენა კალანდარიშვილმა. სიგელი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის გადაეცა დავით ნიკოლაიშვილს, ყველაზე ინოვაციური ნაშრომისათვის _ ერეკლე პირველს, ყველაზე პრაქტიკული ნაშრომისათვის _ რუსუდან გონგლაძეს.

ქართველების წარმატებები ამით არ დასრულებულა. 6 ივლისს გამართულ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ადგილი აიღო ქართველი სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა.

კონფერენციებთან, ლექციებთან და პრეზენტაციებთან ერთად იმართებოდა სხვადასხვა ტიპის საღამოები, როგორებიცაა: Gangster Party, Eastern Party, Cinema Party, სადაც შესაბამის კოსტუმებში გამოწყობილნი ძალიან კარგად ვერთობოდით.

6 ივლისს საზაფხულო სკოლის ორგანიზატორმა და დონეცკის ნაციონალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა იური მაკაგონმა საზეიმოდ გადმოგვცა სერთიფიკატები და მიგვიწვია 2011 წლის ISES-ში მონაწილეობის მისაღებად. საღამოს კი გაიმართა ბანკეტი, რაც დასრულდა ივან კუპალას დღესასაწაულით _ დავანთეთ დიდი კოცონი და ბევრი ვიხტუნავეთ მასზე.

და აი მოვიდა 7 ივლისიც, დამშვიდო¬ბების დღე. ყველას ისეთი განცდა დაგვეუფლა, თითქოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობდით ერთმანეთს და იმედი დავიტოვეთ, რომ კვლავ შევხვდებოდით  უკრაინაში, საქართველოში ან საზაფხულო სკოლის მონაწილე სხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ  მოწვევები მივიღეთ ლატვიიდან, ეგვიპტიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საზღვარზე აღარ დაგვხვდა ნაცნობი მესაზღვრე... მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ დავბრუნდით გამარჯვებებით, ახალი გამოცდილებით და ემოციებით დატვირთულნი ჩვენს სამშობლოში.

ეს იყო ერთკვირიანი მოგზაურობა, რომელმაც გარდა ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებისა, შეგვმატა თავდაჯერებულობა და, რაც მთავარია, გავიჩინეთ უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთან ურთიერთობას ახლაც განვაგრძობთ ინტერნეტის მეშვეობით. ამგვარად ვცდილობთ ჩვენი კულტურისა თუ ფასეულობების ურთიერთგაზიარებას, აგრეთვე, საშუალება გვეძლევა მუდმივად ფორმაში ვამყოფოთ ჩვენი უცხო ენებისადმი (ინგლისური, რუსული) დამოკიდებულება.

    ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები დიდი ტრამპლინია ნებისმიერი სტუდენტის ცხოვრებაში. ჩვენის მხრივ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საზაფხულო ეკონომიკური სკოლის ორგანიზატორებს სტუმართმოყვარეობისა და ყურადღებისთვის, აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მგზავრობის ხარჯების დაფინანსებისთვის და, რაღა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრის პროფესორს და ამიერიდან ჩვენს უფროს მეგობარს ბ-ნ შოთა შაბურიშვილს, რომელსაც ნამდვილად ლომის წვლილი მიუძღვის ჩვენს წარმატებაში. ვისურვებდით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელებულიყოს და არაერთ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას მისცემოდეს შანსი ამ პროგრამაში მონაწილეობისა.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
სტუდენტები რუსუდან გონგლაძე,
ერეკლე პირველი,
დავით ნიკოლაიშვილი