2014-10-30

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან


მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს მესტიაში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის.



მემორანდუმის ხელმოსაწერად და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩასატარებლად მესტიას 24 ოქტომბერს ეწვია სამუშაო-სატრენინგო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ბერიძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი (სატრენინგო კურსი „საქართველოს ეკონომიკის ეროვნული მოდელი“); გიორგი შიხაშვილი – ტრენინგის კოორდინატორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი (სატრენინგო კურსი „პროექტების შედგენის მეთოდიკა“); ვახტანგ ჭარაია – თსუ-ის რექტორის მრჩეველი (სატრენინგო კურსი „საქართველოს ეკონომიკის რეალიები და სამომავლო გამოწვევები“); ტარიელ ზარანდია – თსუ-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (სატრენინგო კურსი „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ორგანიზება ადმინისტრაციული მართვის სფეროში“); ეკა ჩოხელი – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (სატრენინგო კურსი „მენეჯერული უნარ-ჩვევები“); შოთა შაბურიშვილი – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (სატრენინგო კურსი „მცირე ბიზნესის  ხელშემწყობი პოლიტიკა საქართველოში“); დავით ნიჟარაძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანაშემწე (სატრენინგო კურსი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული ასპექტები“).



მემორანდუმის მიხედვით მხარეები მიზნად ისახავენ, ხელი შუწყონ საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ადგილობრივი მართვის ორგანოებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, რისთვისაც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა და თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი თანამშრომლობენ შემდეგი მიმართულებებით:
1.    ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, მმართველობითი,  საექსპერტო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება;
2.    კადრების მოსამზადებელი, სატრენინგო პროგრამების და ლექცია-სემინარების ჩატარება მესტიის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე, ყველა დაინტერესებული მხარეების/ჯგუფების/ინდივიდების, მათ შორის, ბიზნესსუბიექტების და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, სტუდენტების, საშუალო სკოლების და გიმნაზიის მოსწავლეებისათვის;
3.    დონორების მოზიდვა ერთობლივი ეკონომიკური პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად;
4.    მემორანდუმის მხარეთა საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა.



ტრენინგი საერთო სახელწოდებით „მუნიციპალური მართვის ორგანიზციული ასპექტები“ 25 და 26 ოქტომბერს საინტერესოდ და შემოქმედებითად მიმდინარეობდა. მსმენელები აქტიურად ერთვებოდნენ ინტერაქტიურ მუშაობაში. თითოეული მოხსენების შემდეგ იმართებოდა დისკუსიები, სრულდებოდა პრაქტიკული სავარჯიშოები, მიკროპროექტები, ხდებოდა ქეისების გარჩევა, ტესტების შევსება და სხვ. ტრენინგის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ასეთი ტიპის ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის დაგეგმილია მომავალშიც, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს მესტიის მუნიციპალიტეტში კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას.



აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერას და ტრენინგს ესწრებოდა და  ლოცვა-კურთხევით შეეწეოდა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი.


გიორგი შიხაშვილი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი

Print

« იხ. ყველა სიახლე