2016 წლის 13 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა ვორქშოპი თემაზე ,,ტურისტული ხარჯების ძირითადი ტრენდები საქართველოში“, რომელიც შედგა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ,,უცხოელი ვიზიტორების ტურისტული ხარჯების სტატისტიკური კვლევა“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრაზე. მონაწილეობენ ასოცირებული პროფესორები: ნინო აბესაძე (პროექტის ხელმძღვანელი),მარინე მინდორაშვილი, ნინო ფარესაშვილი და სტუდენტები: დოქტორანტები გიორგი მიქელაძე, თეონა მაისურაძე, მაგისტრი გვანცა მიქელაძე და ბაკალავრიატის VII სემესტრის სტუდენტი ნინო გელაშვილი.
ვოქრშოპზე მოწვეული იყვნენ როგორც აკადემიური წრეების, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები: თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის, ქუთაისის აკაკი წერეთლისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსი მერი დაუშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს სპეციალისტი ანა არაბული.
ვორქშოპზე შედგა 2016 წლის მაის-აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა ბევრი შეკითხვა და გამოითქვა მოსაზრება მომავალში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ტურისტული ხარჯების სტატისტიკური კვლევის რეგიონალურ ჭრილში ჩატარების შესახებ. ვორქშოპის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.