2014-04-16

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი "მისია 2014


სტუდენტური კონკურსი "მისია 2014"
რომლის საპრიზო ფონდიც 5000 ლარია.




ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2014“  გამოცხადდა. თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - “მისია“ უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. წელს კონკურსის პარტნიორია კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“.

კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, ხოლო მეორე ტურში პარტნიორი ბრენდის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები ხდებიან და კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსი გუნდურია და მასში მონაწილეობას 3-5 სტუდენტი იღებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 16 აპრილიდან - 18 მაისის ჩათვლით მოამზადეთ პირველი ტურის პროექტი ( იხილეთ აპლიკაცია) და გამოაგზავნეთ საკონკურსო მისამართზე: misia@tsu.ge

კონკურსის პირველი ტურის დავალება: „წარმოადგინეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე“.
მეორე ეტაპზე გასულ 5 ფნალისტი გუნდი კომპანიისგან „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ახალ დავალებას მიიღებს.

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი უზრუნველყოფს. საპრიზო ფონდი გამარჯვებულ სამ გუნდზე ნაწილდება:
I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი

კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.
კონკურსი 2011 წელს დაიწყო და სამი წლის განმავლობაში პროექტის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: “IDS ბორჯომი საქართველო”, „გეოპლანტი“ და „ნატახტარი“.

Print

« იხ. ყველა სიახლე