ძვირფასო კოლეგებო,
2014 წლის 19 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, პროფესორთა და სტუდენტთა ინიციატივით - საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ დაარსდა. 2015 წლის 26 ნოემბერს ფონდს მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი (№21-11/124483).
ფონდის მისია გახლავთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით.
დღეისათვის ფონდს წევრთა მოხალისეობის, ფიზიკური პირების, ბიზნეს ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების შემოწირულობის დახმარებით უკვე შეძლო 40-მდე მაღალი აკადემიური მოსწრების, თუმცა ფინანსურად შეზღუდული სტუდენტის სწავლის საფასურით დაკმაყოფილება, ხოლო ერთისთვის ყოველთვიური სტიპენდიის დანიშვნა.
მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა ფონდის ცნობადობის ხარისხის ამაღლება, რათა ფონდის საქმიანობის, მისი სტატუსისა და უკვე მიღწეული შედეგების შესახებ ცნობილი გახდეს საზოგადოების ფართო წრისათვის. იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის.
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ, ამა წლის 5 თებერვალს 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (ჭავჭავაძის ქ. 1), აუდ. 107. „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიებაზე.