2016-05-27
III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა”
2016 წლის 17-18 მაისს თბილისში ჩატარდა III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: “საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა”.
კონფერენციის ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი “იდეა” (დირექტორი – მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი).
2013 წლიდან დღემდე ცენტრი “იდეა” მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და ისრაელის კომპანია “ნეტაფიმ-საქართველოსთან”, რომლებიც ყოველმხრივ დახმარებას უწევენ ცენტრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელჩის, ბატონ იუვალ ფუქსის და კომპანიის დირექტორის, ბატონ აჰარონ გაგულაშვილის მნიშვნელოვანი სისტემატური მხარდაჭერა სტუდენტთა საქმიანობისადმი.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისათვის, საკუთარ ტრადიციებთან ერთად, აუცილებელია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სათანადო კონცეპტუალური საფუძვლების და პრაქტიკული გამოცდილების შესწავლა-გამოყენება სამეურნეო-მმართველობით პროცესში. ამ თვალსაზრისით მეტად სამაგალითოა ისრაელის ეკონომიკური განვითარება, რომლის რელიგიურ, ისტორიულ, სოციალურ და ეთიკურ კონცეპტუალურ საფუძვლებს ეყრდნობა თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია.
თბილისის კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ-ის ადმინისტრაცია; ისრაელის საელჩო საქართველოში; თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – ISET; თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი “იდეა”; აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია”; ისრაელის კომპანია “ნეტაფიმ-საქართველო”.
17 მაისს ჩატარდა კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი (პლენარული სხდომა და სამეცნიერო მოხსენებები), ხოლო 18 მაისს - კონფერენციის პრაქტიკული ნაწილი _ ვიზიტი “შატო მუხრანში” და “ნეტაფიმ-საქართველოს” სარწყავი სისტემის ობიექტზე.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს ისრაელის, აშშ-ის და უკრაინის უნივერსიტეტების პროფესორებმა და სტუდენტებმა, სპეციალისტებმა და ბიზნესმენებმა.
მოხსენებათა დიდი ნაწილი, გუნდური ნაშრომების სახით წარმოადგინეს ცენტრ “იდეას” წევრებმა. წარმოდგენილი მოხსენებებიდან აღსანიშნავია: ნანოტექნოლოგიების ეკონომიკური ასპექტები; სამეცნიერო-პროფესიული ტურიზმის ორგანიზაცია; სამეცნიერო კვლევებისა და მაღალტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოსა და ისრაელში; ტრადიციული და თანამედროვე სამოსელის წარმოების ტექნოლოგიები საქართველოსა და ისრაელში; მზის ენერგეტიკის ორგანიზაცია ისრაელსა და საქართველოში; ისრაელის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი და უცხოური ინვესტიციები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე; ენერგოსისტემების განვითარება საქართველოსა და ისრაელში; სეტყვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიის ორგანიზაცია საქართველოში; მმართველობითი ტექნოლოგიების ორგანიზაცია ისრაელის კიბუცებში; ღვინის დაყენების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები.
ISSN და ISBN საგამომცემლო კოდებით გამოიცა შრომების კრებული, რომელშიც შესულია კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები.
18 მაისს, კონფერენციის პრაქტიკულ ნაწილში, კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს მცხეთა და “შატო მუხრანის” ღვინის საწარმო, ვენახები და „ნეტაფიმ-საქართველოს“ სარწყავი სისტემა. “შატო მუხრანის” საწარმოში საშუალება გვქონდა გავცნობოდით ღვინის დაყენების ახალ და ტრადიციულ ტექნოლოგიებს. საწარმოს ვენახებში უშუალოდ გავეცანით `ნეტაფიმის~ წვეთოვან სარწყავ სისტემას, რომლის საშუალებით ირწყვება მხოლოდ ვაზის ფესვები, რითაც თავიდან არის აცილებული ზედმეტი წყლის ხარჯვა და ვენახებში არასასურველი მცენარეების გაჩენა.
მთლიანობაში, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს საქმიანობის ანალიზი თვალნათლივ გვიჩვენებს მის ინიციატივიანობას, ინოვაციურობას, მრავალფეროვნებას, შედეგიანობასა და მომავალი გეგმების განხორციელების დიდ პერსპექტიულობას. ასეთი მოლოდინის რეალურობას კი, სტუდენტთა რუდუნებასთან ერთად, ცენტრის მხარდამჭერთა მუდმივი ზრუნვა განაპირობებს.
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეას~
PR მენეჯერი სალომე სალია
« იხ. ყველა სიახლე