2016-06-08

ინტელექტუალური შეჯიბრი „ეკო-მასტერი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სამეცნიერო დეპარტამენტის, თეორიული ეკონომიკის კათედრის (ხელმძღვანელი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი)  და სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი „ეკო-მასტერი“.  



პროექტის მიზანი იყო ეკონომიკის  საწყისი კურსის სწავლების სტიმულირება,  გუნდური მუშაობის, შეჯიბრისა და სტიმულების ამოქმედების გზით ცოდნის ინტეგრირებისა და პრაქტიკულ სიტუაციებში მისი გამოყენების უნარების რეალიზაცია, სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის ამაღლება. პროექტი ეყრდნობა სასწავლო კურსის მასალას (მიკროეკონომიკის და მაკროეკონომიკის პრინციპები).



პროექტი განხორციელდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით. პროექტის ავტორობა და კოორდინატორობა თეორიული ეკონომიკის კათედრის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ მარინა ნაცვალაძეს ეკუთვნის. პროექტის კოორდინატორი ასევე იყო თსუ-ის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი.



პროექტი მოიცავდა სამ ეტაპს: 1. მონაწილეთა რეგისტრაცია; 2. მონაწილეთა შესარჩევი ტესტირება; 3. ფინალური შეჯიბრი. პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა 80 სტუდენტი, რომელთაგან 32–მა სტუდენტმა მოიპოვა ფინალში გადასვლის უფლება.  სტუდენტები დაკომპლექტდნენ 6 გუნდად: "ნოუ ჰაუ", "ალტერ-ეკო", "ოიკონომუს", "ჩვენქიუ", ,,თამაშათა თეორია“ და  ,,შეიხი".



ფინალურ ტურში ჩატარდა ვიქტორინა ,,გონებრივი შტურმის“ მეთოდის გამოყენებით. აღნიშნული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ 5 კატეგორიაში. თითოეულში დასმული იყო სხვადასხვა სირთულის 4 კითხვა, რომლებიც ჟიურის მიერ ფასდებოდა სხვადასხვა ქულებით.


შედეგად გამარჯვებულ გუნდი გახდა ,,ნოუ ჰაუ" შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ქსოვრელი, ტარიელ ლომაია, ანა გიორგაძე, ნათელა მაწიაშვილი, ლაშა ზუმბაძე და თემურ დავითინიძე.



პროექტის ყველა ფინალისტს გადაეცა სერთიფიკატები და საჩუქრები. პირველ ადგილზე გასულ გუნდს ,,ნოუ–ჰაუს“, რომლის მენტორები იყვნენ სტუდენტები, ლალი თოლორდავა და ფატი ციცხვაია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ გადასცა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ ნათარგმნი მიკროეკონომიკის, მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოები, გენდერული სტატისტიკისა და სხვა სამეცნიერო შრომების კრებულები. სტუდენტებს  საჩუქრები ასევე გადასცეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ჟურნალ ,,ეკონომიკა და ბიზნესის’’ მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა რევაზ გოგოხიამ, თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა.



ეკო-მასტერის ფინალურ ეტაპზე გასული სტუდენტები თვითმართველობის სტუდენტებთან ერთად ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ექსკურსიაზე წაიყვანა ფშავში, კერძოდ კი ჩარგალში, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმში. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგიშვილი.





Print

« იხ. ყველა სიახლე