2013-07-25
XVII საერთაშორისო ეკონომიკური საზაფხულო სკოლა უკრაინაში კვლავ წარმატებით დასრულდა ქართველი ახალგაზრდა ეკონომისტებისათვის
ივანე ჯავხიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამი სტუდენტი, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების – შოთა შაბურიშვილისა და დავით სიხარულიძის ხელმძღვანელობით 2 ივლისს უკრაინაში, XVII საერთაშორისო ეკონომიკურ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
საზაფხულო სკოლის პროგრამა ლექციებს, სამეცნიერო კონფერენციას, სხვადასხვა სპორტულ, ინტელექტუალურ თამაშებს და კულტურულ ღონისძიებებ მოიცავდა. პირველივე საღამოს გაიმართა ,,გლობალური სოფელი“ (Global Village), სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს ნაციონალური სამზარეულო უნდა წარედგინა. ქართველმა სტუდენტებმა ჩვენი უნივერსიტეტის პატივისცემის ნიშნად გადავწყვიტეთ თსუ–ს მაისურებით წარვმდგარიყავით აუდიტორიის წინაშე, რაც კიდევ უფრო დიდ სიამაყეს გვმატებდა. ქართულმა კუთხემ მოსალოდნელზე დიდი ინტერესი გამოიწვია, აგემოვნებდნენ ხაჭაპურს, ჩურჩხელას, გოზინაყს, სულგუნს – ყველაფერს, რასაც იქ მყოფებს ქართული სუფრა სთავაზობდა და რაც მთავარია, ერთხმად აღნიშნავდნენ რომ ქართველებს უგემრიელესი და განსხვავებული სამზარეულო გვაქვს. არნახულად დიდი მოთხოვნა იყო ,,ბორჯომზე’’ , განსაკუთრებით ჩვენი დიდი მეზობლების – რუსებისგან (Global Village-ზეც ჩვენს პატარა მაგიდას რუსეთის დიდი მაგიდა ემეზობლებოდა).
3 ივლისი მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ქართული დელეგაციისათვის. სწორედ ამ დღეს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარადგინეს საკონფერენციო მოხსენებები ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემატიკაზე. კონფერენციაში სამივე ქართველმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა განსხვავებული საკონკურსო თემებით და საუკეთესო შედეგები აჩვენეს. პირველი ადგილი დაიკავა დავით ნიკოლაიშვილმა თემით „საქართველო და საერთაშორისო ფინანსური ბაზრები“, ხოლო მეორე ადგილები თამარ ონიანმა - „საერთაშორისო ბიზნესის სოციოკულტურული გარემო საქართველოში“ და გვანცა პირველმა - „საერთაშორისო ბიზნესის ეკოლოგიური ასპექტები“. ქართველების ასეთი წარმატება ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან წამოსულ ქათინაურებში და შესაბამის სერთიფიკატებში აისახა. წლევანდელი წელი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად შეაფასეს ჩვენმა ხელმძღვანელებმა.
( მარცხნიდან: გ.პირველი, თ.ონიანი, დ.ნიკოლაიშვილი)
ამავე დღეს გაიმართა ფეხბურთის ჩემპიონატი, სადაც გამარჯვება დავით სიხარულიძის გუნდმა მოიპოვა. აგრეთვე დავიყავით ჯგუფებად და ეკონომიკური „კვესტის“ შეჯიბრებებს ვაწყობდით, გუნდმა სადაც ქართველი გოგონები მოხვდნენ ყველაზე კრეატიულების წოდება მიიღო, ხოლო დავითის გუნდმა ყველაზე ინტელექტუალების. საღამოს კი ბულგარეთის, ლატვიის, უნგრეთის, სერბეთის, ჩინეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს თავისი ქვეყნები. დღის ბოლოს გვქონდა Pirates’ Party - ანუ იგრძენი თავი მეკობრედ.
4 ივლისი ჩვენგან უკვე არა გონებრივ დატვირთვას, არამედ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვდა. საუზმის შემდეგ ყველანი ერთად წავედით ლაშქრობაზე, 3 საათიანი სიარულის შემდეგ მდინარის პირას ,,ბარბექიუ’’ მოგვიწყვეს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის პრეზენტაცია მოჰყვა. აქ ბოსტონელმა მონაწილემ დამატებით გაგვაცნო სასწავლო და სამუშაო სტუდენტური პროგრამები ამერიკაში და მასში მონაწილეობის შესაძლებლობები. გემრიელი საჭმელისა და საინტერესო პრეზენტაციასთან ერთად მდინარეში გაგრილების საშუალებაც გვქონდა, ხოლო შემდეგ ისევ გზას გავუდექით. საკმაოდ ცხელოდა, ჩვენ კი ტყეში ბილიკ-ბილიკ გვიწევდა სიარული. მიუხედავად ამისა, მონაწილეები ერთმანეთს მუდამ ვამხნევებდით, ეს კი ძალას გვმატებდა დასახული მიზნის მისაღწევად და საბოლოოდ, მივედით გამოქვაბულში, სადაც ტემპერატურა 8 გრადუსი იყო. იქ ადრე წმინდა ბერები ცხოვრობდნენ, ახლა კი ხატები არის დასვენებული. ლაშქრობამ სკოლის მოსნაწილეები დაგვაახლოვა ერთმანეთს, 25 კილომეტრის ფეხით გავლა საკმაოდ საინტერესო და მხიარული აღმოჩდა, გვახლდა გიდი რომელიც გვიხსნიდა ყველაფერს და ზრუნდავდა ჩვენს უსაფრთხოებაზე, მოგვიანებით კი რუსეთის და ბელარუსიის კულტურის საღამო გაიმართა.
მომდევნო დღეს იგეგმებოდა საქართველოს კულტურული საღამო, ვცდილობდით, რომ ეს საღამო ყველაზე ლამაზი, საინტერესო და დაუვიწყარი ყოფილიყო..... მანამდე კი დილა ისევ გამამხნევებელი ვარჯიშებით დავიწყეთ. შემდეგ მოვუსმინეთ სხვადასხვა მომხსენებელს საინტერესო თემატიკით და გავიღრმავეთ ჩვენი ცოდნა ეკონომიკაში. ვეწვიეთ სვიატაგორსკის წმინდა ლავრას – ულამაზეს სამონასტრო კომპლექსს მთის ძირას. საღამოს კი საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და თურქეთის კულტურის საღამო გველოდა. დიდი სამზადისი გვქონდა, რომ ჩვენი ქვეყანა სათანადოდ წარგვედგინა საერთაშორისო ასპარეზზე. ქართველებმა აქაც პირველობა არავის დავუთმეთ, ღონისძიება ქართული ჰიმნით გაიხსნა, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა, ხოლო ჩვენ გულზეხელდადებულნი ვმღეროდით ჩვენს ჰიმს, რასაც მოჰყვა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, ამის შემდეგ ვაჩვენეთ რაჭული ცეკვის ვიდეო, სიურპრიზი კი ბოლოსთვის შემოვინახეთ: თამარ ონიანმა და გვანცა პირველმა აჭარული იცეკვეს. ,,ცეკვის უკვე მეორე ნახევარში დარბაზიდან გვესმოდა ოვაციები და შეძახილები ,,super’’, რაც დიდი სტიმული იყო ჩვენთვის’’ – აღნიშნეს გოგოებმა. აჭარულ რიტმებს აყოლილი ტაში და დარბაზიდან წამოსული ემოციები უკვე ადასტურებდა, რომ მისია შესრულებული იყო და სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს ლეგენდარული იყო და დიდი მადლობა გადაგვიხადა. დღე Mystic Party-თ დამთავრდა.
6 ივლისი ისევ ლექციებით დაიწყო. ლექცია წაიკითხა პროფ. დავით სიხარულიძემ თემაზე - ,,გლობალური ბაზრის შესაძლებლობების შეფასება’’, რომელიც საკმადო საინტერესო იყო. დღის მეორე ნახევარში საზაფხულო სკოლის ორგანიზატორმა და დონეცკის ნაციონალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა იური მაკაგონმა საზეიმოდ გადმოგვცა სერთიფიკატები. იმავე დღეს გაიმართა უკრაინის კულტურის საღამო, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ – უკრაინამ, საკმაოდ კარგი სანახაობა გამართა. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალი ბანკეტმა დააგვირგვინა. 6 ივლისს აღინიშნება უკრაინის ნაციონალური დღესასწაული „Midsummer Day”. ტრადიციის მიხედვით სპეციალურად გამზადებული დაფები, რომელიც მორთული იყო ყვავილებით და სანთლებით, ტბაში გავუშვით და სურვილებიც ჩავიფიქრეთ.... ეს ცერემონია ძალიან ლამაზი და ცოტა სევდიანი იყო... თუმცა შემდეგ ყველანი ერთად ჩავერთეთ უკრაინულ ცეკვაში ბევრი ვითამაშეთ და ვიცეკვეთ, ეს დღე ყველასგან გამორჩეული და დაუვიწყარი იყო...
7 ივლისი ყველაზე სევდიანი აღმოჩდა; დღე, როცა გრძნობ რამდენად დაახლოვდი ახლადშეძენილ მეგობრებთან და სწორედ ახლა უნდა დაემშვიდობო მათ. თუმცა, სამშობლოში ვბრუნდებით მეტი ცოდნით, გამოცდილებით, კონტაქტებით, სამომავლო გეგმებით და იმ იმედით, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ, იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ წილად გვხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიგვეღო მსგავს საერთაშორისო პროგრამაში. მადლობას ვუხდით თსუ-ის საერთასორისო ბიზნესის კათედრის პროფესორებს ბ–ნ შოთა შაბურიშვილს და დავით სიხარულიძეს ჩვენი წარმატების საქმეში უდიდესი დამსახურებისათვის, მოტივაციის ამაღლებისა და მეგობრული ატმოსფეროს შექმნისათვის. მადლობას ვუხდით ჩვენს უნივერსიტეტს, რომელმაც მგზავრობის ხარჯები დაგვიფინანსა. მადლობა საერთაშორისო ეკონომიკური საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებს ამ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისთვის.
http://www.youtube.com/watch?v=t1b2CLO46Ag#action=share
http://www.youtube.com/watch?v=7yibjtqVmfw
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები
გვანცა პირველი
თამარი ონიანი
დავით ნიკოლაიშვილი
გვანცა პირველი
თამარი ონიანი
დავით ნიკოლაიშვილი
« იხ. ყველა სიახლე