სტუდენტური კონფერენცია უკრაინაში

      უკვე ტრადიციად იქცა ქართველ სტუდენტთა საზაფხულო ეკონომიკურ სკოლაში მონაწილეობა, რითაც ისინი მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის,  რომ მათი დაუღალავი შრომის, ღვაწლის და წარმატებების შედეგად, მოხდა თაობათა ცვლა და ამჟამად საერთაშორისო კონფერენციაზე თსუ-ს სხვა სტუდენტებიც იყვნენ მიწვეულნი.
2011 წლის სამეცნიერო კონფერენციას ხმელნიცკის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა 4-8 მაისს  უმასპინძლა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, ხოლო საქართველოს სახელი წარადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თორნიკე ჩხუტიაშვილმა (IV კურსი), ჯაბა ალთუნაშვილმა (IV კურსი) და გიორგი ასტამაძემ (III კურსი).
შვიდ საათიანი, დამღლელი მგზავრობის შემდეგ, ბიჭები  ხმელნიცკს ესტუმრნენ. დაღლილობა მალევე გაქარწყლდა მასპინძლების უCვეულო დახვედრით. სტუდენტები უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში დაბინავდნენ. ისინი გაეცნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. იმავე დღეს ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტის „ეკონომიკისა და ბიზნესის“ ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა ლარისა ივანეს ასულ-მა ქართველ სტუდენტებს თბილად უმასპინძლა.    

მეორე დღეს, 5 მაისს, ხმელნიცკში ჩასული სტუმრები მარტინკოვცში დაბინავდნენ, რომელიც ხმელნიცკიდან დაახლოებით 100-150 კილომეტრში მდებარეობს. საღამოსთვის დაგეგმილი იყო კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონია,  რის შემდეგაც სტუმრებს თავიანთი ქვეყნის პრეზენტაცია უნდა წარედგინათ.
საქართველოდან წარგზავნილებმა აქაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა, ქართული ღვინითა და  ეროვნული კერძებით უმასპინძლეს ქართულ სუფრასთან შეკრებილებს. ფანდურისა და ტამტამის თანხლებით შეასრულეს ხალხური სიმღერების პოპური, ასევე ქართული ხალხური ცეკვა „ყაზბეგური“,  რამაც საყოველთაო აღტაცება და ხანგრძლივი ოვაცია გამოიწვია.

                                            
კონფერენციის ორგანიზატორების დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თითოეული დღე დაგეგმილი იყო საინტერესოდ, რადგან შრომა, დასვენება და გართობა თანაბრად იყო შერწყმული.
                
ყოველი დღის ბოლო ეთმობოდა შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს, რომლებშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ თსუ-ს სტუდენტები და უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებულებიც რჩებოდნენ.
ყველასთვის საინტერესო და სამახსოვრო აღმოჩნდა ექსკურსია ციხე-ქალაქ „хортинска фотэциа“-სა და „камэн подолск“-ში, სადაც  ისტორიული ციხე-სიმაგრეები მოვინახულეთ.
6 მაისს, დილიდანვე, უკვე ოფიციალური სამუშაო დღე დაიწყო. თსუ- ს  სტუდენტები მსმენელთა წინაშე შემდეგი თემებით წარსდგნენ: თორნიკე ჩხუტიაშვილი „The structure of time budget and welfare of population in Georgia“, ჯაბა ალთუნაშვილი „ГЛОБАЛИЗАЦИЯ И ЭКОНОМИЧЕСКОЕ РАЗВИТИЕ СТРАН ЮЖНОГО КАВКАЗА“, გიორგი ასტამაძე „Modern International Business and Environment“  
      
           ქართველების გამოსვლა გამოირჩეოდა თემების აქტუალურობით, სიღრმისეული კვლევითa და არგუმენტირებული მსჯელობით. გამომდინარე აქედან, მსმენელთა დაინტერესებაც დიდი იყო, რაც მათ მიერ დასმულ კითხვებშიც გამოჩნდა. სამივე  მონაწილე დაჯილდოვდა  შესაბამისი სერტიფიკატებით და სამახსოვრო სუვენირებით.
                               
ქართველი სტუდენტების გამოსვლამ  დიდი სიმპატია დაიმსახურა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების მხრიდან. მათგან მიღებულ იქნა მოწვევა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გასამართ საერთაშორისო კონფერენციაზე.
ყოველივე ამის შედეგi ის იყო, რომ ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული არაფორმალური ურთიერთობების ოფიციალურ ორმხრივ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ქართული დელეგაცია დიდი სიყვარულით და ღრმა პატივისცემით უხდის მადლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მოწიწება და უღრმესი პატივისცება „ეკონომიკისა და ბიზნესის“ ფაკულტეტის დეკანს, ქ-ნ ელენე ხარაბაძეს, სტუდენტების თანადგომისა და გულისხმიერებისათვის. ხმელნიცკის უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა სკიბა ნიკალაიმ პირადად ქალბატონ ელენეს, დიდი პატივისცემის ნიშნად უსახსოვრა  მათსავე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ულამაზესი  სუვენირი.    
                         
ასევე დიდი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს გულთბილი მიღებისა და კარგი მასპინძლობისათვის. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მსგავსი ღონისძიებები უნდა დაინერგოს და გაგრძელდეს თანამშრომლობა მომავალშიც, რათა სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცეთ უფრო ახლოს გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ადათ-წესები, ტრადიციები, გაიღრმავონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება ისევ და ისევ სამშობლოს  სასიკეთოდ.
   
                                                          
                                                                                                           თორნიკე ჩხუტიაშვილი
                                                                                                           ჯაბა ალთუნაშვილი
                                                                                                           გიორგი ასტამაძე