ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-07-24

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიმარჯვეს საგრანტო პროექტში: „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“

         არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ გამარჯვებული გახდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტური გუნდი. გუნდს ხელმძღვანელობდა  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი - მარიამ ჯიბუტი. ამ გუნდის წევრები იყვნენ თსუ-ს სტუდენტები: შოთა ჯიბუტი, ანა ახვლედიანი, ანა სალიაშვილი  და  ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ნოდარ ვაწაძე.  კვლევის ობიექტი იყო მესტიის მუნიციპალიტეტი.
            გუნდმა შეისწავლა რეგიონის მოსახლეობის პრობლემები და დღეისთვის რეგიონში არსებული ბარიერები. სტუდენტები, ასევე,  გაეცნენ მოსახლეობის ხედვას პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების შესახებ, რისთვისაც ადგილზე მათ მიერ მოხდა რაიონში არსებული იმ რესურსების შეფასება და გაანალიზება, რომლებიც დღეისათვის არ არის გამოყენებული და რომელთა მიზნობრივი გამოყენება ხელს შეუწყობს მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარებას.
კვლევის შედეგად გუნდმა შეიმუშავა ორი დოკუმენტი: „მესტიის მუნიციპალიტეტის პრობლემებისა და საჭიროებების“ ანალიტიკური დოკუმენტი და „მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვის“ კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელთა პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მესტიის მუნიციპალიტეტში.
კვლევის შედეგად შემუშავებული დოკუმენტების ექსპერტული შეფასების საფუძველზე თსუ-ს გუნდმა  ,,მოქალაქის“ მიერ გამოცხადებულ პროექტში გამარჯვება მოიპოვა. უახლოეს პერიოდში გამარჯვებული გუნდის წევრები - მარიამ ჯიბუტი, შოთა ჯიბუტი, ანა ახვლედიანი, ანა სალიაშვილი, ნოდარ ვაწაძე - გაემგზავრება პოლონეთსა და გერმანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების შესასწავლად.


Print

« იხ. ყველა სიახლე