2017-10-02
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს უფასო სასწავლო კურსებს სტუდენტებისათვის
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებისათვის აცხადებს უფასო სასწავლო კურსებს როგორც საჯარო ფინანსებში, ისე კერძო კომპანიების ფინანსების მართვაში.
სტუდენტებისათვის ამ პროექტის უკეთ გაცნობის მიზნით, 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებთან.
დასწრება თავისუფალია!
პროექტის შესახებ:
ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს სტუდენტებისათვის
კონკურსს მონაწილეობის მისაღებად ორ სასწავლო კურსზე:
- „საჯარო ფინანსების მართვის საფუძვლები“ (კურსი განსაზღვრულია საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთათვის)
- „ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში“ (კურსი განსაზღვრულია სამეწარმეო სუბიექტებში დასაქმების მსურველთათვის).
ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მიზანი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციისა და კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერაა.
აკადემია ზრუნავს პროფესიონალიზმის დონის ამაღლებასა და ადამიანური რესურსის კომპეტენციის გაძლიერებაზე ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების განხორციელების გზით.
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ სტუდენტებისთვის დაგეგმილი სასწავლო კურსების მიზანია შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა საჯარო და კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა:
საჯარო ფინანსების მართვის საფუძვლები
- საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები (9 სთ)
- საგადასახადო კანონმდებლობა (30 სთ)
- ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგება საჯარო სექტორში (სახაზინო პროცედურების ჩათვლით) (60 სთ)
- ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)
4 მოდულის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, მისი რეგულირება საჯარო სექტორში, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შესაბამისობა საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან, ფინანსური ანგარიშგების წარმოება, ექსელის პროგრამის ეფექტური გამოყენება, ფინანსური ანგარიშგების ასახვა და განთავსებული ინფორმაციის ანალიზი Ms. Excel-ის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები, გადასახადების გამოანგარიშებისა და დეკლარირების წესი, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ფორმები და პრინციპები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები და საჯარო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის საკითხები.
ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში
- ბიზნეს - კანონმდებლობა (კანონი მეწარმეთა შესახებ) (3 სთ)
- საგადასახადო კანონმდებლობა (33 სთ)
- ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების გამოყენებით) (60 სთ)
- ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)
4 მოდულის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: ბუღალტრული აღრიცხვის არსი, საბუღალტრო აღრიცხვის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და ინფორმაციის წარდგენის ძირითადი მოთხოვნები, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ურთიერთკავშირი, ექსელის პროგრამის ეფექტური გამოყენება, ფინანსური ანგარიშგების ასახვა და განთავსებული ინფორმაციის ანალიზი Ms. Excel-ის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები, გადასახადების გამოანგარიშებისა და დეკლარირების წესი, მეწარმე სუბიექტის დაფუძნება, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და უფლება მოვალეობანი საქართველოში.
➡ ️ თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია გამოცდა, ოთხივე მოდულის გამოცდების შედეგებით განისაზღვრება სერტიფიკატის ხარისხი.
➡ ️ თითოეულ ჯგუფში განსაზღვრულია 22 მსმენელის შერჩევა.
➡ ️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
✔ ️ სამოტივაციო წერილი
✔ ️ რეზუმე ( CV)
✔ ️ ცნობა GPA-ის შესახებ
✔ ️ ნიშნების ფურცელი
➡ ️ უპირატესობა მიენიჭება მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტებს.
« იხ. ყველა სიახლე