2015-09-24

II საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა” 2015 წლის 20-21 სექტემბერი, სიღნაღი


2015 წლის 20-21 სექტემბერს სიღნაღში ჩატარდა II საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: “საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა”.

კონფერენცია მოეწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და საქართველოში ისრაელის საელჩოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.

კონფერენციის ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“, რომელიც შეიქმნა 2000 წლის 8 თებერვალს და მიმდინარე წელს არსებობის 15 წლისთავს აღნიშნავს.

2013 წლიდან დღემდე ცენტრი „იდეა“ მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის საელჩოსთან საქართველოში, რომელიც ყოველმხრივ დახმარებას უწევს ცენტრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელჩის, ბატონ იუვალ ფუქსის მნიშვნელოვანი სისტემატური მხარდაჭერა სტუდენტთა საქმიანობისადმი.

სიღნაღში ჩატარებული II კონფერენცია მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა: “აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა”.

მისი ორგანიზატორები არიან: თსუ-ს ადმინისტრაცია; ისრაელის საელჩო საქართველოში; სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა; თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“; აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“; ისრაელის კომპანია „ნეტაფიმ-საქართველო“.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი არიან: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა -  თსუ-ს რექტორი; იუვალ ფუქსი - ისრაელის ელჩი საქართველოში; დავით ჯანიკაშვილი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი; თეიმურაზ ბერიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; დავით ნარმანია - ქ. თბილისის მერი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი; გიორგი შიხაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“-ს დირექტორი, პროფესორი; აჰარონ გაგულაშვილი - ისრაელის კომპანია „ნეტაფიმ-საქართველო“-ს დირექტორი; ნიკოლოზ ბაკაშვილი - აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“-ს დირექტორი და  სხვ.

კონფერენცია ჩატარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და თსუ-ს შორის მიმდინარე წლის იანვარში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სტუდენტთა ინიციატივისადმი.

კონფერენციის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ასევე, აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“-ს დირექტორმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა და ისრაელის ფირმა “ნეტაფიმ-საქართველო”-ს დირექტორმა აჰარონ გაგულაშვილმა

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს ისრაელის, აშშ-ის და უკრაინის უნივერსიტეტების პროფესორებმა და სტუდენტებმა, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა და ბიზნესმენებმა.

მოხსენებათა დიდი ნაწილი, გუნდური ნაშრომების სახით, წარმოადგინეს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

20 სექტემბერს ჩატარდა კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი (პლენარული სხდომა და სამეცნიერო მოხსენებები), ხოლო 21 სექტემბერს - კონფერენციის პრაქტიკული ნაწილი - მონაწილეობა რთველში.

დაიბეჭდა შრომების კრებული, რომელშიც შესულია კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები.

დღეისათვის ცენტრ “იდეა”-ს პერსონალურ შემადგენლობაშია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 40-ზე მეტი სტუდენტი. ცენტრთან არსებულ მრჩეველთა და მზრუნველთა საბჭოებში გაერთიანებული არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სპეციალისტები და ბიზნესმენები, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ცენტრს. ცენტრის მზრუნველთა საბჭოს აქტიური წევრები არიან: დავით ჯანიკაშვილი, ნიკოლოზ ბაკაშვილი და აჰარონ გაგულაშვილი.

ცენტრი “იდეა” მუშაობს სამეცნიერო-პრაქტიკულ კვლევით პროექტზე: “საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები”, რომლის ფარგლებში, 2014 წლის 14-17 ივლისს, ცენტრის ორგანიზებით და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით მესტიაში ჩატარდა I საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: მწვანე ეკონომიკის მართვა“.

2000 წლიდან დღემდე ცენტრი “იდეა”-ს ინიცირებით, ორგანიზებით და თანამონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების სახით, რაც სისტემატურად შუქდება მედიაში, სამეცნიერო პერიოდიკასა და სპეციალურად გამოცემულ შრომათა კრებულებში. ცენტრის საქმიანობა აისახება თსუ-ს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ცენტრის სპეციალურ ვებ-გვერდზე.

მთლიანობაში, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“-ს საქმიანობის ანალიზი თვალნათლივ გვიჩვენებს მის ინიციატივიანობას, ინოვაციურობას, მრავალფეროვნებას, შედეგიანობასა და მომავალი გეგმების განხორციელების დიდ პერსპექტიულობას. ასეთი მოლოდინის რეალურობას კი, სტუდენტთა რუდუნებასთან ერთად, ცენტრის მხარდამჭერთა მუდმივი ზრუნვა განაპირობებს.


გიორგი შიხაშვილი
      
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს
დირექტორი, პროფესორი

23.09.2015





















Print

« იხ. ყველა სიახლე