ა.წ. 21 ნოემბერს იავენ ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა ცნობილი გერმანელი მეწარმე,
ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის ”HIPP”-ის დამფუძნებელი, საქართველოს
საპატიო კონსული მიუნხენში, თსუ საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი. იგი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს.
ბატონმა ჰიპმა სტუდენტებისათვის მორიგი გერმანულენოვანი ლექცია ჩაატარა ბიზნესის ეთიკის მიმართულებით თემაზე:
„კორექტული ბიზნესი, როგორც ხანგრძლივი წარმატების საწინდარი“ და აუდიტორიას თავისი ახლადგამოცემული წიგნი წარუდგინა.
უკვე რამდენიმე წელია ბატონმა კლაუს ჰიპმა ტრადიციად დანერგა, რომ სასწავლო წლის
ბოლოს ის ირჩევს რამდენიმე წარმატებულ სტუდენტს და საკუთარი სახსრებით
იწვევს გერმანიაში, თავის საწარმოში საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად.
გასულ სასწავლო წელსაც, უკვე
მესამედ, ბატონმა ჰიპმა შეარჩია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მორიგი
სამი სტუდენტი, რომლებმაც ზაფხულში ძალიან ნაყოფიერი პრაქტიკა გაიარეს გერმანიის ქალაქ Pfaffenhofen–ში, HiPP GmbH –ის მთავარ საწარმოში.
ლია ახალაია
(მეორე კურსი):
"სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული
ცოდნა პრაქტიკული თვალსაზრისით გამოიყენონ ისეთ წარმატებულ ფირმაში,
როგორიცაა „HiPP“¬. პრაქტიკამ, რომელიც ლოჯისტიკის განყოფილებაში გავიარე,
დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემძინა. აგრეთვე საპასუხისმგებლო იყო
მაღალკვალიფიციურ მენეჯერებთან თანამშრომლობა, მოლაპარაკებებზე აქტიური
ჩართულობა, მომხმარებლებთან ურთიერთობა. გარკვეულწილად დავეუფლე ფირმის
სამუშაო პროგრამას - „SAP“. ეს პრაქტიკა კიდევ უფრო საინტერესო იყო იმ
მხრივ, რომ შევძელი უფრო ახლოს გავცნობოდი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ
ევროპის ეკონომიკურად მოწინავე რეგიონს, ბაიერნის ფედერაციულ მიწას. ასევე
ბატონი ჰიპის შუამდგომლობით შევხვდი მნიშვნელოვან პიროვნებებს. ამგვარი
შესაძლებლობებისათვის გულითად მადლობას ვუხდი ბატონ ჰიპს და ვუსურვებ
წარმატებებს".
ირაკლი ქართველიშვილი (მეოთხე კურსი):
"მე პრაქტიკა გავიარე Bio-Rohwarenhandel–ის განყოფილებაში. ვაკვირდებოდი
და უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას ოპერაციებში, რომლებსაც ეს განყოფილება
საერთაშორისო შესყიდვებისა და გაყიდვების მიმართულებით ახორციელებდა. ასევე
გავეცანი წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის თანამედროვე, წამყვან
მეთოდებს, რომელიც საქართველოში ამჟამად თითქმის არაა დანერგილი. ჩვენ
ასევე საშუალება გვქონდა, დაგვეთვალიერებინა გერმანიის ულამაზესი და
ყველაზე განვითარებული მხარე ბაიერნი. ამ პრაქტიკამ მნიშვნელოვანი
გამოცდილება შემძინა და ამისათვის უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ ჰიპს".
ცოტნე მაისურაძე (მესამე კურსი):
"მე პრაქტიკა გავიარე
ექსპორტის განყოფილებაში. მონაწილეობას ვიღებდი საერთაშორისო პროდუქტის
მართვის მარკეტინგულ ოპერაციებში. კავშირი გვქონდა სხვადასხვა ბაზრების
შუამავლებთან. ვაკეთებდი მიმოხილვას სხვადასხვა ბაზრებზე კონკურენტებისა და
მომხმარებლების შესახებ. ასევე დეტალურად გავეცანი დეპარტამენტის თითოეული
თანამშრომლის საქმიანობას. ვესწრებოდი დეპარტამენტის თათბირებსა და
პრეზენტაციებს უმაღლესი მენეჯმენტისთვის. HiPP-ში დიდი გამოცდილება მივიღე,
პრაქტიკულად დავინახე თუ როგორ ფუნქციონირებს გერმანიის ერთ–ერთი მოწინავე
ორგანიზაცია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ კლაუს ჰიპს".
თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
გულითად მადლობას უხდის ბატონ
კლაუს ჰიპს
იმისათვის, რომ ის მსგავს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ჩვენს
სტუდენტებს და წარმატებებს უსურვებს მას.