მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართა მსოფლიოში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ“ (ავტორები ფ. ლოკიე და დ. ბლეიდსი) და ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ (ავტორები დ. ანდერსენი, დ. სვინი, თ. უილიამსი) – ქართულ ენაზე თარგმანების პრეზენტაცია.
პრეზენტაციამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და მას მრავალი ადამიანი დაესწრო. მასში მონაწილეობა მიიღეს თსუ–ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სხვა საჯარო სამსახურების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. პრეზენტაციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პერსონალი და სტუდენტობა.
პრეზენტაცია გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. სახელმძღვანელოს – „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ“ (მეორე გაფართოებული გამოცემა) – ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია განახორციელა მისმა სამეცნიერო რედაქტორმა, პროფესორმა სიმონ გელაშვილმა. მან აღნიშნა წიგნის გამოცემის აუცილებლობისა და მისი ფართო მნიშვნელობის შესახებ როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნებისათვის. უცხოეთის გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ წიგნის ქართული ვერსია უკვე გამოქვეყნდა ელექტრონულ ფორმატში თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებ გვერდზე (ელექტრონულ ბიბლიოთეკაში), რაც ყველასათვის ფართო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
სახელმძღვანელოს – ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ (მე–11 განახლებული გამოცემა) – ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია განახორციელა მისმა სამეცნიერო რედაქტორმა, პროფესორმა ქეთევან მარშავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო 14 წლის მანძილზე ეს სახელმძღვანელო 11–ჯერ გამოიცა, რაც მის მაღალ პოპულარობაზე მიუთითებს. წიგნის მოცულობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მას გამოყენების მეტად ფართო არეალი გააჩნია. მანვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც დაკავშირებული იყო ამ წიგნის თარგმნისა და გამოცემის ხანგრძლივ პროცესთან.
ორივე წიგნის თარგმნა და გამოცემა განხორციელდა თსუ–ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში, რაც ჩვენი სტუდენტობისათვის თანამედროვე უცხოენოვანი სახელმძღვანელოების გაცნობა–შესწავლის მეტად ფართო შესაძლებლობას წარმოადგენს. ეს კი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადების მნიშვნელოვანი საწინდარია.