2017-07-25

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის   14 ივნისის №374 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები: 
ა) პროცედურული ვადები: 
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 24 – 31 აგვისტო; 
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 1 - 5 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 6 - 7 სექტემბერი; 
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში -                       11 სექტემბერი. 
ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის): 
ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) - 1 სექტემბერი                 (10 საათი);
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 1 სექტემბერი (18 საათი); 
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 4 სექტემბერი;
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი; 
ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში  - 6 სექტემბერი.

2.   განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საერთაშორისო სამართალი“ გადმომსვლელებისათვის ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარების შესახებ.
ი) იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „სამართალი“ გადმომსვლელებისათვის ცნობა უნივერსიტეტიდან მისაღებ გამოცდაზე უცხო ენისა და სპეციალობის ჩაბარების თაობაზე (მიღებული ქულების მითითებით);
კ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე "ფიზიკა" გადმომსვლელებისათვის ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი არჩევითი საგნის (ფიზიკა/მათემატიკა) ჩაბარების შესახებ.
ლ) სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე გადმომსვლეთათვის სტუდენტის სასწავლო ბარათი GPA-ის მითითებით;
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული ქულის შესახებ/ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL, IELTS). 
მ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ნ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ო) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული   ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
პ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი             გიორგი შარვაშიძე
Print

« იხ. ყველა სიახლე