ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-08-21

ხორციელდება სტუდენტური სამეცნიერო პროექტი

თსუ სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს 2017 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დაფინანსდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო პროექტი -
I საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები - ახალი ტექნოლოგიების მართვა ურბანულ და აგრარულ სექტორებში“ (საქართველო, ბათუმი, გონიო. 2-9 აგვისტო, 2017).
პროექტი ეძღვნება საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
საზაფხულო სკოლის მუშაობაში სტუმრის და მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთა შორის არიან ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, თბილისის მერი დავით ნარმანია, ბათუმის მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, თსუ-სა და ბსუ-ს უნივერსიტეტების პროფესორები და შესაბამისად 12 და 5 სტუდენტი, მეცნიერები, სპეციალისტები და ბიზნესმენები საქართველოდან და ისრაელიდან. სულ ისრაელის მხარეს წარმოადგენდა 9 ადამიანი, მათ შორის, ბენ გურიონის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ალბინი, ფირმა „ნეტაფიმ-საქართველოს“ დირექტორი აჰარონ გაგულაშვილი და 2 სტუდენტი ბენ გურიონის უნივერსიტეტიდან ავიელ ელიასი და ტომ რაზი).
საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას მოეწყო: მისალმებები; თემატური მოხსენებები და დისკუსიები; ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს პრეზენტაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ვიზიტი ზუგდიდის სასათბურე მეურნეობაში; შემოქმედებითი აკვასემინარი; ვიზიტი აჭარის ერთ-ერთ აგროფირმაში; აჭარის ბუნებრივი, ისტორიული და ურბანული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. დაფუძნდა ცენტრი „იდეა“-ს სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი და სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ხელშემწყობი ფონდი.
დღეისათვის გახორციელებულია პროექტის პირველი ნაწილი - საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა. მთლიანად პროექტი დასრულდება ნოემბერში, როდესაც გამოიცემა სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდება საზაფხულო სკოლაში წარმოდგენილი მოხსენებები.

პროექტის კოორდინატორი,
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს
მთავარი მენეჯერი, მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ მჭედლიშვილი


















Print

« იხ. ყველა სიახლე