ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-20

პროფესორ გედევან ხელაიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა

2017 წლის 20 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  გაიმართა პროფესორ გედევან ხელაიას დაბადებიდან 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლის აღსანიშნავი საზეიმო სხდომა.

სხდომას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე, რომელმაც პროფესორი გედევან ხელაია უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელით, იუბილარს მიმართა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მთავარი მოხსენებით გამოვიდა პროფესორი მიხეილ ჯიბუტი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გედევან ხელაიას ბიოგრაფიის ძირითად მომენტებზე, მის ღვაწლსა და დამსახურებებზე. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ: აკადემიკოსები ვლადიმერ პაპავა და ავთანდილ სილაგაძე, პროფესორები ირაკლი კოვზანაძე, ემზარ ჯგერენაია, ნოდარ ჭითანავა, მერაბ კაკულია, გორისა და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორები, ცნობილი მეცნიერები, ეკონომისტები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები და სხვა სტუმრები.

პროფესორი გედევან ხელაია დაიბადა 1927 წლის 5 აგვისტოს ქ.ფოთში და საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე -1944 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. ამ პერიოდიდან მისი ცხოვრება მთლიანად დაკავშირებულია არჩეულ სპეციალობასთან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა მან საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ის არის 12 მონოგრაფიის ავტორი. იყო თსუ ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე. მეცნიერების გარდა გამორჩეულია გედევან ხელაიას საქმიანობა როგორც ეკონომიკის სწავლების ორგანიზატორისა. ის წლების განმავლობაში იყო თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, გორის ეკონომიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი რექტორი. უდიდესია მისი წილი შემდგომში ამ ინსტიტუტის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნის საქმეში.

პროფესორ გედევან ხელაიას იუბილეს განსაკუთრებით ხიბლი შემატა იმ გარემოებამ, რომ იუბილარი დღესაც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და კითხულობს  ლექციებს. მისი  ხანგძლივი ცხოვრების საიდუმლო მეცნიერებისა და პედაგოგობის გარდა, მისი ადამიანთა სიყვარულში, მის კეთილმოსურნეობაში, აგრეთვე სპორტისა და ხელოვნებისადმი ერთგულებაში უნდა ვეძებოთ.








Print

« იხ. ყველა სიახლე