2015-09-27
28 სექტემბერს, 18:00 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სატელევიზიო პროექტ ,,სუპერ-ეგო”-ს პრეზენტაცია გაიმართება. ,,სუპერ-ეგო”
თსუ-ის გადაცემა ,,უნივერსიტეტის” შემადგენელი პროექტია, რომელიც ყოველ
მეორე შაბათს გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში.
,,სუპერ-ეგოს” მთავარი აქტორები თსუ-ის სტუდენტები იქნებიან. პროექტს
წარუძღვებიან: ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე,
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი.
პროექტ ,,სუპერ-ეგოს” ამოცანაა-უნივერსიტეტის სივრცეში აღდგეს დისკუსიური
საუბრების ტრადიცია ახალგაზრდულ პრობლემატიკაზე ახალ თაობაში ჯანსაღი
ფასეულობების დამკვიდრების მიზნით. პროექტს თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის
უნივერსიტეტის” რედაქციასთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფი განახორციელებს.
სატელევიზიო პროდუქტი თსუ-ის ,,მულტიმედიაცენტრის” ბაზაზე მომზადდება.
ღონისძიებაზე ასევე შედგება მუსიკოს ზაზა ხუციშვილის მიერ პროექტ
,,სუპერ-ეგო”-სთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას დაესწრებიან თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები,
უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა სიახლე