2015-09-09

სამეცნიერო კონფერენცია ბათუმში - „ქრისტიანობა და ეკონომიკა - 2015“


2015 წლის 5-6 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: „ქრისტიანობა და ეკონომიკა - 2015“ მონაწილეებმა რელიგიისა და ეკონომიკის თანაკვეთის თეორიულ და გამოყენებით საკითხებზე იმსჯელეს.
კონფერენცია მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისთავს. სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის და გელათის სასულიერო აკადემიის ლექტორები, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“-ს პროფესორები, დოქტორები და სტუდენტები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს კონფერენციამ საერთაშორისო გახდა. თსუ-ში დასტამბულ სამეცნიერო კრებულში აისახა გერმანიიდან (იენის უნივერსიტეტი), ლიტვიდან (გამოყენებითი მეცნიერების ალითაუს კოლეგიის უნივერსიტეტი), უკრაინიდან (უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტი) და ბელარუსიდან (ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი) გამოგზავნილი სამეცნიერო ნაშრომები. საინტერესო მოხსენებებით გამოვიდნენ უცხოელი (პროფესორი რ. ჰაუპტი და პროფესორი ს. ლუკინი) და  ქართველი მომხსენებლები. პლენარული სხდომის შემდგომ მუშაობა სამ სექციაში გაგრძელდა. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. მასპინძლებმა უცხოელ მონაწილეებსა და კონფერენციის ორგანიზატორებს უსახსოვრეს საჩუქრები.
კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეებმა მოინახულეს ბათუმის შემოგარენის ღირსშესანიშნაობები: ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, მანხუცეთის ჩანჩქერი, თამარის ხიდი და აჭარის ღვინის სახლი.
კონფერენციის მონაწილეები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისა და გულითადი მასპინძლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშს, ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში პროფესორ ნათელა წიკლაშვილს, უნივერსიტეტის კანცლერს ბატონ ჯემალ ანანიძეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ვლადიმერ ღლონტს და ამავე ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ასოცირებულ პროფესორს მურმან ცეცხლაძეს.
ჩატარებული კონფერენცია და იქ წარმოდგენილი თემები ნათლად მიუთითებს განსახილველი პრობლემების დიდ აქტუალობაზე. განზრახულია ანალოგიური კონფერენციების ციკლის გაგრძელება და მომავალ წელს მისი ქალაქ ქუთაისში გამართვა.















Print

« იხ. ყველა სიახლე