ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს კომპიუტერული პროგრამირების გზით შეიმუშაონ და დანერგონ კონკრეტული პროექტები ჩვენი ქვეყნის საწარმოებში, ხოლო ზოგიერთი პროექტმა კი აღიარება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებშიც კი ჰპოვოს.
ამის ნათელი დადასტურებაა ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტების: ირაკლი გაზდელიანის (ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა), ნინო კალმახელიძის (მიკროეკონომიკის კათედრა), თამაზ აროშიძის (ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა) მიერ მიღებული შედეგები.
ეკონომიკური პროფილის, ინფორმატიკის, მათემატიკის, დაპროგრამების საგნებში სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე მათ შეიმუშავებს და მოახდინეს კომპიუტერზე აქტუალური ამოცანების პროგრამული რეალიზაცია - კერძოდ დაპროგრამების ენაზე VB.NET-ზე (საგანი არჩევითია):
1. ირაკლი გაზდელიანმა დაწერა კრიპტო ვალუტებზე მორგებული პროგრამა, რომელმაც ინტერესი გამოიწვია აშშ-ში. დღეისთვის პროგრამის 15-მდე ეგზემპლარი იქნა გაყიდული. ირაკლი ამჟამად პროგრამის შემდგომ ვერსიაზე მუშაობს. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს თვეებში იგი მეტ წარმატებასაც მიაღწევს.
2. ნინო კალმახელიძემ და თამაზ აროშიძემ შექმნეს პროგრამული პროდუქტი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება გამოსაშვები პროდუქციის რეცეპტურის ფორმირება და თვითღირებულების გამოანგარიშება. პირველი ვერსიის საცდელი ექსპლოატაციისას მიღებული შედეგების საფუძველზე ისინი დარწმუნდნენ შესრულებული სამუშაოს აქტუალობაში. ისინი ამჟამად მუშაობენ პროექტის ფარგლებში პროგრამულად ოპტიმიზაციის ამოცანების რეალიზაციაზე.
მოვუსმინოთ თვითონ სტუდენტებს:
ირაკლი გაზდელიანი:
"თავდაპირველად იქიდან დავიწყებ თუ რატომ ავირჩიე ეს სპეციალობა და როგორ ამოვყავი თავი „მაღლივში“. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან ყველაფერი მაინტერესებდა და ვცდილობდი ყველაფერი მცოდნოდა. 17 წლის ასაკში კი ერთადერთი რამ რაშიც ვერ ვერკვეოდი იყო სწორედ ეკონომიკა.
თავიდან თითქოს უინტერესო ჩანდა, საკუთარ თავს ვერ ვპოულობდი და ერთ სული მქონდა დამემთავრებინა და გონებიდან წამეშალა ეს 4 წელიწადი. თუმცაღა მე-3 კურსზე სავალდებულო საგნის „ეკონომიკური პოლიტიკის“ არჩევა მომიწია, რომელშიც ვიპოვნე საკუთარი თავი და დავინტერესდი ამ სპეციალობით. ეს მხოლოდ ჩემი ინტერესებით არ მომხდარა, მასში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ლალი ხურციას, რომელზე საინტერესო ლექტორის ლექცია-სემინარიც ჯერ არ მომისმენია და სწორედ ამის გამოც გავხდი ამ კათედრის სტუდენტიც.
პირველივე კურსიდანვე მაღალი GPA-თი არ გამოვირჩეოდი, რადგან ვცდილობდი სრულყოფილად ისეთი საგნები შემესწავლა, რომლებიც მართლა გამომადგებოდა არა მარტო ჩემს სპეციალობაში არამედ ცხოვრებაშიც. ამიტომ თითქმის ყოველ სემესტრში ვირჩევდი რაიმე საგანს ეკონომიკური ინფორმატიკის მოდულიდან, რადგან კომპიუტერულ ტექნოლოგიაში კარგად ვერკვეოდი, ვიცოდი მაღალი შეფასებით დავამთავრებდი და ცხოვრებაშიც გამომადგებოდა. ასე ავირჩიე „ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ენა VB.NET”, რომელმაც საგნის შესწავლის მომენტშივე მომიტანა წარმატება. შუალედური გამოცდების შემდეგ ვცადე ამეწყო პროგრამა, რომელიც Crypto ვალუტებზე იქნებოდა მორგებული. კერძოდ კი ავაწყე რისკების პროცენტულად დამთვლელი კალკულატორი ერთ-ერთი საიტისთვის სადაც კამათლის გაგორების პრინციპით ხდება მოგების მიღება. თუმცა ალგორითმიზაციის გამო ხშირად „ალბათობის პრინციპი“ არ მუშაობდა და სჭირდებოდა სხვა უფრო სანდო და დამუშავებული მექანიზმი. მართალია ეს პირვლი ვერსია ხარვეზებით იყო სავსე და ამავდროულად საცდელი ვარიანტიც იყო თუ რამდენად დაინტერესდებოდა ხალხი. ჩემდა გასაკვირად დაინტერესებაზე მეტიც მივიღე და რამდენიმე ადამიანმა შეიძინა კიდეც. რამაც სტიმული მომცა და ახლა მის გაუმჯობესებულ ვარიანტზე ვმუშაობ - ვამუშავებ ახალ ფორმულებს და ვცდილობ უფრო სრულყოფილი გავხადო იგი. ვიმედოვნებ ის უფრო მეტ წარმატებასაც მომიტანს. ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი ბატონ ზურაბ მუნჯიშვილს მიუძღვის, რომელმაც ასე მარტივად შემასწავლა დაპროგრამების ენა და წარმატებას არა საქართველოში არამედ ამერიკაში მიმაღწევინა. იმედი მაქვს, ამ ბოლო ვერსიით ჩემი საქმიანობა არ შეწყდება და არამარტო Crypto ვალუტაზე არამედ ჩემს სპეციალობაშიც რაიმე ღირებულს შევქმნი, რისთვისაც ჯერ კიდევ ბევრი მაქვს შესასწავლი."
ნინო კალმახელიძე:
"რაც უფრო რთული და წინააღმდეგობრივია ამოცანა, მით უფრო საინტერესოა ის.
თავდაპირველად მომცეს „Excell“-ში შესასრულებელი დავალება: აბა, თუ შესძლებო. რას ჰქვია, ვერ შევძლებ-მეთქი და მთელი სამი წლის მანძილზე გრძელდებოდა ჩემი და „Excell“-ის ურთიერთობა. დავალება იყო საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია და მეც იმდენად გამიტაცა ამ ანგარიშგებაზე მუშაობამ, რომ სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. იმ დონემდე მივიყვანე, რომ ადამიანის მინიმალურ ჩარევას საჭიროებს. საკმარისია მხოლოდ საბუღალტრო პროგრამიდან მიღებული გატარებების რეესტრით განახლება და ფინანსური ანგარიშგებაც თითქმის მზადაა. მისი საშუალებით შესაძლებელია ბუღალტრული გატარებების სისწორის შემოწმება და კონტროლი.
ეს იყო დამოუკიდებლად განხორციელებული ჩემი პირველი ნაშრომი.
შემდგომი ნაბიჯი იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის საგნის “ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ენა VB.NET “-ის შესწავლა, სადაც თვალნათლივ დავინახე, თუ როგორ „იბადება“ კომპიუტერული პროგრამა.
თამაზ აროშიძე:
“პირველად 12 წლის ვიყავი როდესაც კომპიუტერი მიყიდეს. ასე დაიწყო ჩემი და კომპიუტერის ურთიერთობა. ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტზე. მათ შორის ყველაზე წარმატებული ჩემ მიერ აწყობილი საიტებია. ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის საგნის “ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ენა VB.NET “-ის შესწავლამ საშუალება მომცა მეფიქრა განსხვავებულად. გამიჩნდა ახალი იდეები და მიზნები. ბევრი რამ ვისწავლე და მივხვდი, თუ რამხელა შესაძლებლობების წინაშე ვდგავარ.”
საპრეზენტაციოდ გადავწყვიტეთ, დაგვეწერა ისეთი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც კონკრეტული რეცეპტურებისა და შესაბამისი მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშებდა გამოსაშვები პროდუქციის თვითღირებულებას და მწარმოებელს მისცემდა საშუალებას, რომ შეეფასებინა თითოეული პროდუქციის ალტერნატიული საწარმოო ვარიანტები მათი დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში.
ამჟამად ჩვენი პროგრამა დამუშავების პროცესშია, იხვეწება და ახალ-ახალი დეტალებიც ემატება. იმედი გვაქვს, იგი მალე მიიღებს სრულყოფილ სახეს."