2014-06-16
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობა“ ლოპოტას ტბაზე კახეთში
ა.წ. 14 ივნისს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობა“ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თეიმურაზ ბერიძე, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ეკონომიკისა და ბიზნესის საფაკულტეტო კონფერენციის გამარჯვებული სამივე საფეხურის 19 სტუდენტი დაესწრნენ.
კონფერენციის მონაწილეებისთვის თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მოხსენება წაიკითხა, რომელშიც განხილული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ეტაპები და პერსპექტივა, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შემდგომ.
ღონისძიებაზე საფაკულტეტო კონფერენციაზე გამარჯვებულმა სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომების პრეზენტაცია მოაწყვეს. თსუ რექტორმა გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მაკროეკონომიკის კათედრის ინიციატივით მოწყობილი სტუდენტთა მიერ შექმნილი მაკროეკონომიკური მაკეტების გამოფენა, სახელწოდებით: „მაკროეკონომიკური პოლიტიკა - კრიზისის დაძლევის შესაძლებლობები.“ მაკეტები შესრულებულ იქნა მაკროეკონომიკის მოდულის ბაკალავრებისა და მაგისტრების მიერ.
სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტები ვახტანგ ჭარაია, გიორგი გაფრინდაშვილი, ირაკლი დოღონაძე. სწორედ მათ გადაეცათ 25 აპრილს თსუ-ში გამართულ ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ფორუმზე ეკონომიკის საფაკულტეტო საბჭოს მიერ შერჩეული საუკეთესო სამეცნიერო მოხსენებისთვის სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა 1500 ლარის ოდენობით. გამარჯვებულმა დოქტორანტებმა წამახალისებელი თანხა გასვლითი სამეცნიერო კონფერენციის „საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობა“ ორგანიზებას მოახმარეს.
« იხ. ყველა სიახლე