2017-09-21
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის შეხვედრა გერმანელ პროფესორებთან
19 სექტემბერს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის შეხვედრა ციტაუ-გიორლიცისა და კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტების პროფესორებთან: მათიას ფოგტთან და მაგდალინა შტიულბთან, რომლებიც ახლახან გამართულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“-ს ფარგლებში ეწვივნენ თბილისს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მერი, თსუ მენეჯმენტის კათედრისა და საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, თსუ-სა და ფრიდრიჰ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“ ყოფილი მენეჯერი და ამჟამად საერთაშორისო საზაფხულო სკოლის კოორდინატორი, ქალბატონი სოფიკო ჯვარშეიშვილი და ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბატონი უჩა გოგიშვილი.
პროფესორ მათიას ფოგტთან ერთად განხილულ იქნა თსუ-სა და ციტაუ-გიორლიცის უნივერსიტეტების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „კულტურის მენეჯმენტის“ გახსნის შესაძლებლობები. გადაწყდა, რომ თსუ მენეჯმენტის კათედრა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურთან ერთად უახლოეს ხანებში მოამზადებს სამაგისტრო პროგრამის გახსნისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას და განსახილვევლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
პროფესორ მაგდალენა შტიულბთან განხილულ იქნა გერმანული მხარის შემოთავაზება კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ერთად ბიზნესის ადმინისტრირების არსებულ საბაკალვრო პროგრამაში შეიქმნას „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ მენეჯმენტის მოდული. გადაწყდა, რომ არსებულ საკითხზე გაგრძელდეს მუშაობა და მოხდეს საკითხის უფრო სრულყოფილად ჩამოყალიბება.
ორივე შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ ფაკულტეტის ადმინისტრაცია დაინტერესებულია საერთაშორისო პროგრამების არსებობით და მზადყოფნას გამოთქვამს უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისათვის.
« იხ. ყველა სიახლე