ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-07-14

დასრულდა ავსტრიული უნივერსიტეტების APPEAR-ს პროგრამით საქართველოში დაგეგმილი ტრენინგის ეტაპი

ა.წ. 10-12 ივლისს, თბილისსა და ბორჯომის რაიონში,  ჩატარდა ავსტრიის BOKU-სა და KREMS უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამა APPEAR-ის მეორე ეტაპი. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ლექტორების კვალიფიკაციის ამაღლება ტურიზმის მდგრადი განვითარების უახლეს მიდგომებში, კერძოდ ტრანსდისციპლინარულ მეთოდიკაში. იგი გათვალისწინებულია 4-წლიან პერიოდზე და მოიცავს კავკასიის რეგიონს. ბენეფიციარი სასწავლებლები საქართველოში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრა, ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამა. APPEAR-ის  პირველი ეტაპი ჩატარდა  ქ.ერევანში ა.წ. 24-26 აპრილს. საქართველოში ჩატარებული ეტაპის  ღონისძებები შეიცავდა ლექცია-სემინარებს, დისკუსიებს და საველე სამუშაოებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დაბა წაღვერში, კურორტ ცემში და სოფელ ტიმოთესუბანში.
ჩართულ სასწავლო დაწესებულებების პროგრამებში უკვე განხორციელდა პროგრამების განახლება ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნის გათვალისწინებით, მათ შორის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამაში. შემდეგი ეტაპის ამოცანებია ტრანსდისციპლინარული კონცეფციის ფარგლებში სტუდენტების საველე პრაქტიკის დაგეგმვა და განხორციელება.

Print

« იხ. ყველა სიახლე