ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის  დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. დებულების  რეგულირების  სფერო

წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და აწესრიგებს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის  აუცილებელ სტანდარტს.
 
მუხლი 2. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის  მიზანი

1.    დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური  განათლების მესამე საფეხური  და მიზნად ისახავს დოქტორანტის ინტელექტუალურ ზრდას, სამეცნიერო და უმაღლესი სკოლის პედაგოგიური კადრების მომზადებას, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოებას, ქვეყანაში სამეცნიერო მუშაობის გააქტიურებას და ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვას, ახალი ცოდნის შექმნისა და დანერგვისთვის ხელის შეწყობას.
2.    დოქტორანტურის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე აკადემიისა და დასაქმების ბაზრისათვის მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო ცოდნითა და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადება, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, ქვეყანაში სამეცნიერო და ინოვაციური მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვა, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით ახალი ცოდნის შექმნისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, განხორციელებული კვლევითი პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიული განვითარების გეგმასთან.

თავი II. ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  დოქტორანტურაში  სწავლა
მუხლი 3. დოქტორანტურაში  სწავლის  უფლება

  1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს  არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურს-დამთავრებულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.



მუხლი 4. დოქტორანტურაში  ჩარიცხვის  პირობები
1.    დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებში.
2.    დოქტორანტობის კანდიდატი ვალდებულია თსუ-ს რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარუდგენოს ფაკულტეტის საბუთების მიმღებ კომისიას, რომლის შემადგენლობა მტკიცდება ფაკულტეტის დეკანის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  3. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა (დანართი N1).
4. ევროპული სამეცნიერო (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) ენის გამოცდისაგან ან შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუ სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ერთ-ერთ იმ ენაზე, რომელიც წარმოადგენს  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას.
5. დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2,  თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული ენის C1 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში. ქართულ ენაში გამოცდისგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუკი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტი/კომპონენტები ხორციელდება ერთ-ერთ იმ ენაზე, რომელიც წარმოადგენს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას, ასეთ შემთხვევაში, დოქტორანტს ეკისრება ვალდებულება, დისერტაციის დაცვამდე სულ მცირე ორი სემესტრით ადრე დაადასტუროს ქართული ენის ცოდნა ქართული ენის B2, თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული ენის C1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით ან გამოცდით.
6. ქართული და უცხოური ენის გამოცდის ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს თსუ-ის საგამოცდო  ცენტრი.

მუხლი 5. დოქტორანტურაში ჩარიცხვა
1. კონკურსანტი, რომელიც აკმაყოფილებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამაზე მიღების  წინაპირობებს, შესაბამის პროგრამაზე მიღების წინაპირობის გათვალისწინებით,  დაიშვება გასაუბრებაზე.
2. დოქტორანტობის კანდიდატი გასაუბრებაზე გადის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრულ დარგობრივ კომისიასთან, რომლის შემადგენლობა  მტკიცდება დეკანის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  
3. გასაუბრებაზე, დოქტორანტობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები  უნდა იყოს წინასწარ დამტკიცებული, საჯარო და ხელმისაწვდომი.  შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების პროცედურა რეგულირდება ფაკულტეტის დებულებით (დანართი 2).
4. გასაუბრების     წარმატებით    გავლის     შემთხვევაში    ფაკულტეტის     დეკანის     წარდგინებით  პირი დოქტორანტურაში ჩაირიცხება თსუ-ის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. უნივერსიტეტსა და დოქტორანტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს  მხარეთა  უფლებებსა და ვალდებულებებს.

მუხლი 6. დოქტორანტურაში  სწავლის ხანგრძლივობა
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.
2. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა ფაკულტეტის წინაშე, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. დოქტორანტი ვალდებულია დაასრულოს   დოქტორანტურაში სწავლისა  და  კვლევის  პროცესი,  არა უმეტეს 4  სასწავლო სემესტრისა.
3. დოქტორანტები, რომელთაც შესრულებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, სადისერტაციო ნაშრომის დაცვისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარუდგენენ ფაკულტე-ტს და სადისერტაციო ნაშრომს დაიცავენ უნივერსიტეტში დადგენილი წესით.

მუხლი 7. დოქტორანტის სტატუსის  შეწყვეტა

ფაკულტეტის  საბჭოს გადაწყვეტილებით  დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
1. პლაგიატობის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
2.უნივერსიტეტსა და დოქტორანტს შორის დადებული ხელშეკრულებით     გათვალისწინებული   პირობების  შეუსრულებლობის  შემთხვევაში;
3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 8. სამეცნიერო  ხელმძღვანელი

1.    სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში /სპეციალობაში/ მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში.
2.    სამეცნიერო  ხელმძღვანელმა  შეიძლება  უხელმძღვანელოს აქტიური სტატუსის მქონე არაუმეტეს  7   დოქტორანტს.
3.    სამეცნიერო ხელმძღვანელი, შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან/ხელმძღვანელებთან ერთად კონსულტაციას უწევს დოქტორანტს სასწავლო და კვლევითი პროცესის დაგეგმვისას.
4.    სამეცნიერო ხელმძღვანელი  კონტროლს უწევს დოქტორანტის სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებას.
5.    სამეცნიერო ხელმძღვანელი, ხელმძღვანელობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სწავლის ნე-ბისმიერ ეტაპზე, დასაბუთებულ განცხადებას წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
6.    ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება ჰყავდეს ერთზე მეტი სამეცნიერო ხელმძღვანელი. 
7.    დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელსა და სადისერტაციო თემის სათაურს კათედრის ხელმძღვანელის შუამდგომლობით ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო დოქტორანტის ჩარიცხვიდან პირველი ორი სემესტრის განმავლობაში.  სადისერტაციო თემის სათაურში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავს ფაკულტეტის საბჭო.

თავი  III. დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამა

მუხლი 9. დოქტორანტურის საგანმანათლებლო და მისი მოცულობა
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა  შედგება  სასწავლო  და  კვლევითი  კომპონენტებისაგან,    სასწავლო  კომპონენტი  შეადგენს 50  კრედიტს.
2. დოქტორანტი, რომელიც შეასრულებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტს, განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარმოადგენს  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები

1.    დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები ხელს უწყობს დოქტო¬რან¬ტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას,  ამზადებს მას მომავალი პედაგოგი¬ური, სამეცნიერო და პროფესიული  საქმიანობისათვის. 
2. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის  სასწავლო  კომპონენტი  შეიძლება  მოიცავდეს  სემინარს/სემინარებს,  სასწავლო კურსებს/მოდულებს, პროფესორის  ასისტენტობას  და სხვა სახის აქტივობებს (დანართი N3).
3. დოქტორანტის სასწავლო  კომპონენტის  სავალდებულო  და  არჩევითი  ელემენტების  სასწავლო  აქტივობები, განისაზღვრება შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით.
4.    თუ დოქტორანტი ამავდროულად არის თსუ-ს ასისტენტი/მასწავლებელი ან მოწვეული პერსონალი, უძღვება სალექციო/პრაქტიკულ/სემინარულ/ლაბორატორიულ მეცადინეობებს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში ამ სტან-დარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამუშაო შეს-რულდა ანაზღაურების გარეშე.
5.    შესრულებული სასწავლო და კვლევითი კომპონენტები წარმოადგენს დისერტაციის დასაცავად წარდგენის წინაპირობას.
6.    დოქტორანტურის სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტია სადისერტაციო ნაშრომი. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო კვლევითი კომპონენტის   შესრულება  დასტურდება სადისერტაციო ნაშრომის წარმოდგენით და დაცვით (პრეზენტაცია, სამეცნიერო დისკუსია).
7.    სამეცნიერო - კვლევითი პროექტი - სადისერტაციო ნაშრომის დაცვის წინაპირობას წარმოადგენს სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებული მინიმუმ 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. დოქტორანტი წინამდებარე პროექტის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს სამეცნიერო ხელმძღვანელის  რეკომენდაციის საფუძველზე  წარუდგენს შესაბამის სამსახურს. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ზეპირი განხილვა/პრეზენტაცია ჩატარდება პროგრამის ხელმძღვანელის, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის და შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლების ჩართულობით.
განსაზღვრული პირობის შესრულება სავალდებულო იქნება 2018-2019 სასწავლო წლიდან  ჩარიცხული  დოქტორანტებისათვის დისერტაციის დაცვის აუცილებელი წინაპირობაა.
თავი  IV. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა, დაცვა და აკადემიური ხარისხის მინიჭება
მუხლი 11. დისერტაცია

1.    დისერტაცია წარმოადგენს სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
2.    დისერტაცია უნდა ასახავდეს კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და ქმნიდეს ახალ ცოდნას
3.    დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენაზე.
4.    სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო.
5.    ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში, სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
6.    სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია უნდა ასახავდეს დისერტაციის ყველა კომპონენტს. ნაშრომის ზღვრული მოცულობა - 20 გვ. (არაუმეტეს 40 000 ასო-ნიშანი); ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოქვეყნებული ლიტერატურის ჩამონათვალი; Sylfaen-ის შრიფტი. ველები: მარჯვენა ველი - 1,5 სმ., მარცხენა ველი - 3 სმ., ზედა ველი - 2 სმ., ქვედა ველი - 2 სმ. ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12; ტექსტის სტრიქონებს შორის მანძილი - 1.5. 
7.    სადისერტაციო ნაშრომის ტექნიკური მონაცემების ინსტრუქციას შეიმუშავებს ფაკულტეტი, რომელსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო (დანართი N4).
8.    სადისერტაციო ნაშრომის აბსტრაქტი  (დანართი 5). 

მუხლი 12. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის პროცედურა

1.    დოქტორანტი ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის 4 ბეჭდურ და 1 ელექტრონულ ვერსიას.
2.    სადისერტაციო ნაშრომთან ერთად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადი, რომ სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის შედე-გია და არ შეიცავს პლაგიატს/გაყალბებულ მონაცემებს (დანართი 6);
ბ)  დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიში (დანართი 7);
გ) ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნებით შესრულებუ-ლი დისერტაციის კვლევის შედეგები - დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია - ქართულ  და ერთ-ერთ ევროპულ ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგუ-ლი);
დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვაზე დაშ-ვების თაობაზე  კათედრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მისი შუამდგომლობა ან  ამონაწერი შესაბამისი კათედრის სხდომის ოქმიდან.   (დანართი 8);
ე) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსა-ზღვრული სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის წაყენებული მოთხოვნების შეს-რულების თაობაზე;
ვ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სასწავლო კომპონენტის შესრულების, დაგროვილი კრედიტებისა და სემესტრების სრულად გავლის თაობაზე; (დანართი 9);
ზ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი და/ან რედაქტორის (რედკოლეგიის) მიერ გაცემული ცნობა გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო ნაშრომის შესახებ და ნაშრომის ბეჭდური ვერსია;
თ) სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის, მაგ. საერ-თაშორისო რეცენზირების შემთხვევაში)  (დანართი 10).
3.  წარმოდგენილ დოკუმენტებს ამოწმებს ფაკულტეტი.
4. სადისერტაციო მასალების წარდგენის შემდგომ ფაკულტეტის საბჭო ერთი თვის ვადაში მსვლელობას აძლევს საქმის წარმოებას.
5. დოქტორანტი თავისუფლდება სწავლის გადასახადისგან, თუ ნაშრომს წარმოადგენს მიმდინარე სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში, ხოლო სემესტრის განმავლობაში ნაშრომის წარმოდგენისას მომდევნო სემესტრიდან. 

მუხლი 13. საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის  გამოქვეყნების ვალდებულება

 დისერტაციის დაცვის აუცილებელი პირობაა სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული შემ-დეგი სახის ორი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნება - რეფერირებადი (Peer-reviewed) სა-მეცნიერო სტატიები ისეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში (ან საკონფერენციო მასალებში), რომლებსაც აქვთ ISSN კოდი და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო (ან სამეცნიერო კომიტეტი) და რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და არის ღია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ამავდროულად, ამ ორი პუბლიკაციიდან ერთი მაინც უნდა იყოს ისეთ საერთაშორისო ჟურნალში (ან საკონფერენციო მასალებში), რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის ან Web of Science-ის, ან ERIH PLUS-ის (ERIH PLUS მხოლოდ იმ დოქტორანტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ქართველოლოგიის და კავკასიოლოგიის მიმართულებებით) ბაზებში.

მუხლი 14. სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტები

1. ფაკულტეტის საბჭო სადისერტაციო ნაშრომის რეცენზირების მიზნით გამოყოფს არანაკლებ ორ რეცენზენტს, რომელსაც ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.  ერთ-ერთი რეცენზენტის მიერ უარყოფითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში ინიშნება ახალი რეცენზენტი.
2. რეცენზენტს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები.
3. რეცენზენტი ვალდებულია, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დისერტაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში გაეცნოს სადისერტაციო ნაშრომს და წარუდგინოს რეცენზია ფაკულტეტს.
4. რეცენზენტი დასკვნას (რეცენზიას) წარადგენს დადგენილი რეცენზიის ფორმის შესაბამისად (დანართი 11).
5.  ორი რეცენზენტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტი არ დაიშვება დაცვაზე და მას მიეცემა სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის უფლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

მუხლი 15. სადისერტაციო  ნაშრომის  დაცვის  კომისია

1. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო თითოეული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის მიზნით ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას, ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. თითოეული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის მიზნით საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია შედგება შესაბამისი მიმართულების/დარგის/სპეციალობის პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორებისაგან ან/და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი მიმართულების/დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისაგან.
3.     სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პუბლიკაციები დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში.
4.     სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობაში არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს შესაბამისი მიმართულების/დარგის წარმომადგენელი/სპეციალობის მქონე პირი საქართველოდან ან/და უცხოეთიდან, რომელსაც უნივერსიტეტში არ უკავია აკადემიური თანამდებობა.
5.     სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრები, დისერტაციის დადებითად რეცენზირების შემთხვევაში, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში ეცნობიან სადისერტაციო ნაშრომს.
6.     სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
7. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია იქმნება, არანაკლებ 7 წევრისაგან.

მუხლი 16. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის მუშაობის წესი

1. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის საქმიანობა წარიმართება საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს  და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
4. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის მდივანი უზრუნველყოფს შესაბამისი კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას:
ა) აწარმოებს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ოქმს;
ბ) ეხმარება კომისიის თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
გ) ხელმძღვანელობს კომისიის საქმის წარმოებას;
დ)უზრუნველყოფს დაცვის კომისიის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის მიწოდებას ფაკულტეტისათვის.
5. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის დოკუმენტაცია საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა შეფასებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და ასევე განთავსდება შესაბამის ელექტრონულ სივრცეში, PDF ფორმატის სახით (სადისერტაციო ნაშრომის ერთი ეგზემპლარი; დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია; დოქტორანტის განაცხადი; დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიში; სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა; ცნობა სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე; გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი და/ან რედაქტორის (რედკოლეგიის) მიერ გაცემული ცნობა გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიის შესახებ და ნაშრომის ბეჭდური ვერსია; სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი 2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის; რეცენზენტების დასკვნები (რეცენზიები); სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ოქმი).


მუხლი 17. დისერტაციის დაცვა
1.    დისერტაციის დაცვა არის საჯარო. ინფორმაცია მის შესახებ ქვეყნდება  ფაკულტეტის ვებ-გვერდზე დისერტაციის დაცვამდე მინიმუმ ერთი  კვირით ადრე.
2.    დისერტაციის  დაცვის  ენა  არის ქართული, თუ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით  სხვა  რამ  არ არის დადგენილი.
3.    დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო დისკუსიას და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დასკვნას (შეფასებას).
4.    დაცვის რეგლამენტი განისაზღვრება საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებით.
5.    იმ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ უნივერსიტეტის და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია არსებობდეს დისერტაციის დაცვის განსხვავებული რეგლამენტი, რომელსაც შეიმუშავებენ მხარეები და ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.
6.    დისერტაციის დაცვის პროცესზე ვიდეოგადაღება სავალდებულოა.

მუხლი 18. დისერტაციის შეფასება

1.    სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი სისტემით.
2.    დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს შეფასებას შემდეგი სისტემის მიხედვით:
ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი -  შეფასების 91-100 ქულა;
ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება - მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება - მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.
3.    ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა”-„ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს  ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
4.    ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი.
5.    ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.
6.    სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის თავმჯდომარე დოქტორანტს კომისიის დასკვნას (შეფასებას) აცნობს ზეპირად.
მუხლი 19. ხარისხის მინიჭება და სადისერტაციო ნაშრომის გამოქვეყნების ვალდებულება

1.    დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაც-ვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
2.    უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დოქტორანტს დოქტორის აკადემიურ ხა-რისხს ანიჭებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.
3.    დიპლომს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და ფაკულტეტის დეკანი.
4.    ფაკულტეტი ვალდებულია, დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ ერთი თვის ვადაში გადასცეს დისერტაცია ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის გამომცემლობას, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას; ამავე ვადაში დისერტაციის თითო ბეჭდური და ელექტრონული ეგზემპლარი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს.

მუხლი 20. გარდამავალი დებულებები

1. წინამდებარე სტანდარტით განსაზღვრული პირობების შესრულება სავალდებულო იქნება ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის. მოქმედ აკრედიტებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის მოქმედება გავრცელდება მათი რეაკრედიტაციის შემთხვევაში. 
2. 2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის დისერტაციის დაცვის აუცილებელი წინაპირობაა სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაცია, რაც განხორციელდება უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტისა და ფაკულტეტების შესაბამისი დებულებებით, რომლებიც მოქმედებდა დოქტორანტების ჩარიცხვის მომენტისთვის.
3. 2021-2022 სასწავლო წლიდან შეეზღუდოს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა უნივერსიტეტის იმ აკადემიურ პერსონალს, რომელიც ხელმძღვანელობს აქტიური სტატუსის მქონე 7-ზე მეტ დოქტორანტს.