სასწავლო და კვლევითი კომპონენტები


სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი


კვლევის მეთოდოლოგია (არანაკლებ 5 კრედიტი) – თითოეული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა დოქტორანტს სთავაზობს დარგობრივი კვლევის უახლესი მეთოდოლოგიის სასწავლო კურსს. შესაძლებელია, დოქტორანტმა “კვლევის მეთოდოლოგიის” შესაბამისი კურსები გაიაროს  დოქტორანტურის მომიჯნავე საგანმანათლებლო  პროგრამის ფარგლებში, ან სხვა ფაკულტეტზე, თუ ამას მოითხოვს მისი სადისერტაციო ნაშრომის სპეციფიკა.

საუნივერსიტეტო სასწავლო კურსები (5-30 კრედიტი) – იმ შემთხვევაში,  თუ  აკადემიური  წარსულიდან  (მინიჭებული   კვალიფიკაცია)  ან  სადისერტაციო ნაშრომის  სპეციფიკიდან  გამომდინარე,  დოქტორანტს  სჭირდება გარკვეული დარგობრივი კომპეტენციების  დამატებით შეძენა, მას  აქვს უფლება თავისი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელთან  და  დოქტორანტურის    საგანმანათლებლო  პროგრამის ხელმძღვანელთან (კოორდინატორთან)  შეთანხმებით გაიაროს ესა თუ ის სასწავლო კურსი,  რომელიც შემოთავა-ზებულია საუნივერსიტეტო კურიკულუმის  ფარგლებში  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სასწავლო კურსების გავლის უფლება ეძლევა დოქტორანტს, რომელიც სწავლების მესამე საფეხურზე იცვლის  სპეციალობას. ამ შემთხვევაში დოქტორანტს არ ენიჭება კრედიტები, თუმცა აღნიშნული სასწავლო კურსები მას აძლევს საშუალებას,  რომ მიიღოს სპეციფიკური დარგობრივი ცოდნა და გამოიმუშავოს გარკვეული დარგობრივი თუ ტრანსფერული უნარები, სადისერტაციო ნაშრომის საჭიროებებიდან  გამომდინარე (26.02.2018, №77/2018).

პროფესორის ასისტენტობა  (არანაკლებ 5 კრედიტი) –  დოქტორანტურაში  სწავლის  პერიოდში  დოქტორანტი ვალდებულია ასისტენტობა გაუწიოს აკადემიურ პერსონალს და მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში.
პროფესორის  ასისტენტობა გულისხმობს შემდეგს: სამუშაო ჯგუფის, ლაბორატორიული
სამუშაოების, პრაქტიკული სამუშაოს/ პრაქტიკული დავალების ჩატარება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის; სალექციო კურსის წაკითხვა “საბავშვო უნივერსიტეტის” მსმენელებისათვის; შუალედური  და საბოლოო  გამოცდის საკითხების, ტესტების მომზადება; სტუდენტთა ნაშრომების გასწორება;  საბაკალავრო,  სამაგისტრო  ნაშრომების  რეცენზირება; ელექტრონული სასწავლო კურსის მომზადება სამეცნიერო ხელმძღვანელთან შეთანხმებით (ე.წ. LMS – Learning Management System – Moodle და სხვ.); საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელობა; ტუტორობა და სხვ. კრედიტების რაოდენობა დამოკიდებული უნდა იყოს ჩატარებული საათების რაოდენობაზე და იმ  დროზე, რომელიც მოანდომა დოქტორანტმა შესრულებულ სამუშაოს. კრედიტების მინიჭება შეიძლება მოხდეს შემდეგი პრინციპით: მაგალითად,
თითოეულ ჩატარებულ საათს ემატება ოთხი საათი, ანუ პირობითად ის დრო, რომელსაც  ანდომებს დოქტორანტი მისთვის  მზადებას. დავუშვათ, დოქტორანტმა სემესტრის განმავლობაში ჩაატარა 30 საათი.  30 + 120 = 150. 150 : 25 = 6 კრედიტი.
საათების რაოდენობას შეიძლება დაემატოს ის დრო, რომელიც დოქტორანტმა დაუთმო  თავისი  ხელმძღვანელის  (ან   სხვა რომელიმე   სრული  და ასოცირებული პროფესორის) ლექციებზე დასწრებას პროფესიული სრულყოფის, შესაბამისი მეთოდოლოგიის დაუფლების მიზნით. მაგალითად, თუ დოქტორანტმა სემესტრში ჩაატარა 30 საათი და დაესწრო სხვის მიერ ჩატარებულ 15 ლექციას, მაშინ კრედიტის მინიჭება მოხდება შემდეგი პრინციპით:  30 + 120 + 15 = 165. 165 : 25 = 7 კრედიტი.
კრედიტების რაოდენობა შეიძლება დამოკიდებული იყოს გასწორებული ნაშრომების რაოდენობაზე. მაგალითად, თითოეული ნაშრომის გასწორებას დოქტორანტი პირობითად  ანდომებს  1  საათს. თუ  მან გაასწორა 150 ნაშრომი, მას ამ საქმეზე დაუხარჯავს 150 საათი.150 : 25 = 6 კრედიტი.
დოქტორანტის მიერ  პროფესორის ასისტენტობის შეფასება ხდება შესრულებული სამუშაოს შესახებ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე (დანართი #10) პროფესორის ასისტენტობისთვის კრედიტის მინიჭების  წინაპირობა  არის შესრულებული სამუშაოს დადებითად შეფასება იმ პროფესორის მიერ, რომელსაც დოქტორანტმა ასისტენტობა გაუწია.

სემინარი (10–25 კრედიტი) – თითოეულ ფაკულტეტზე სხვადასხვა დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამის  გაერთიანების შედეგად იქმნება სადოქტორო სემინარი,  რომელშიც  მონაწილეობენ  შესაბამისი დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამის ხელმძღვანელები (კოორდინატორები), სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელები  და  დოქტორანტები;  სემინარების რაოდენობა  განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით. 
სემინარის ორგანიზებას   ახდენს ფაკულტეტი. შესაძლებელია, შეიქმნას ინტერდისციპლინური და  ინტერფაკულტეტური  სემინარები. სადოქტორო სემინარის მონაწილეები  წარმოადგენენ მოხსენებებს მეცნიერების  სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, ამა თუ იმ სამეცნიერო პრობლემის კვლევის თანამედროვე მდგომარეობაზე, რომელსაც მოჰყვება დისკუსია. დოქტორანტის სასემინარო  ნაშრომი  არ უნდა იყოს დისერტაციის შემადგენელი ნაწილი. სხვა  პირობები  დგინდება  შესაბამისი ფაკულტეტის  დებულებით.

პრაქტიკა   (5-10 კრედიტი) – დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრა-მის სპეციფიკიდან  გამომდინარე,  შესაძლებელია  დოქტორანტმა  გარკვეული დრო  პრაქტიკას  დაუთმოს. მაგალითად, საველე პრაქტიკა, პრაქტიკა სკოლაში, საწარმოში,  სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობა და სხვ. თუ დოქტორანტურის  საგანმანათლებლო   პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას, მაშინ  წინასწარ უნდა  იქნას წარმოდგენილი პრაქტიკის გეგმა  (სილაბუსი), რომელიც პროგრამასთან ერთად დამტკიცდება, ხოლო დოქტორანტის მიერ გავლილი პრაქტიკის შეფასება მოხდება   პრაქტიკის ანგარიშის ფორმით (პრაქტიკის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალური დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“).

სხვა – სხვა (მაგ.:  დარგობრივი  სპეცკურსები)  სასწავლო  აქტივობის/აქტივობებისათვის კრედიტების მინიჭება ხდება დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის წარდგინებით, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისა  და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.

უცხოეთის  აკრედიტებულ უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გავლილი სასწავლო კურსი – უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გავლილი  სასწავლო კურსის კრედიტების აღიარება ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალური დადგენილების (N105/2012; N70/2018) შესაბამისად.

სამეცნიერო - კვლევითი პროექტი - სადისერტაციო ნაშრომის დაცვის წინაპირობას წარმოადგენს მინიმუმ 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. სადისერტაციო ნაშრომზე აკადემიური რეგისტრაციისას დოქტორანტი ვალდებულია სემესტრის ბოლოს პროგრამის ხელმძღვანელსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს წარუდგინოს ზემოაღნიშნული პროექტის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები, რომლის ზეპირი განხილვა/პრეზენტაცია ჩატარდება პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლების ჩართულობით.




გამოქვეყნების თარიღი:2021-03-19 12:08:22