ღონისძიების შესახებ


სსიპ ― შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 8 მაისის N 49-ე ბრძანების თანახმად, მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ჯგუფისა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივმა, კომბინირებულმა სამეცნიერო პროექტმა (№ MG-ISE-19-398): „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“. კომბინირებულ პროექტს, რომელიც მოიცავს სეზონურ სკოლასა და საერთაშორისო კონფერენციას, ხელმძღვანელობას უწევენ პროფესორი ირაკლი ბურდული, ასოცირებული პროფესორი ლელა ჯანაშვილი და ასოცირებული პროფესორი გიორგი ამილახვარი.
 ასევე, მასში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ცნობადობისა და მაღალი რანგის მეცნიერები. ღონისძიება  მიზნად  ისახავს  ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო  სამეცნიერო  სფეროში  ინტეგრაციას, თანამშრომლობის ინიცირებასა და გაღრმავებას, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, მეცნიერებაში ახალი კადრების მოზიდვასა და პოპულარიზაციას, ასევე პრაქტიკოსთა ჩართულობას სამეცნიერო ღონისძიების პროცესში, რაც მნიშვნელოვანს გახდის ღონისძიების შედეგებს. უსაფრთხოების შესახებ არსებული ძირითადი გამოწვევების ანალიზის შედეგად მოხდება ახალი ცოდნის მოპოვება და თითოეულ სფეროში კვლევის სამეცნიერო სიახლეების გაცნობა. ამასთან, ღონიძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს სამივე საფეხურის სტუდენტთა მონაწილეობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტთა ჩართულობა. 

პროექტის ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე, იგი საინტერესო იქნება არამარტო სამართლის, არამედ ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტებისთვისაც. კომბინირებული ღონისძიების ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით განხილული იქნება მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლეები და არსებული გამოწვევები, რომელთა შეჯამება მოხდება დასკვნით საერთაშორისო კონფერენციაზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სეზონური სკოლა: „ევროპის უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები, არსებული საფრთხეები და გამოწვევები“. სკოლა შეიცავს სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს. სამუშაო ენა გახლავთ ინგლისური და ქართული. სკოლა გაიმართება ექვსი დღის განმავლობაში (1-ლი ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით), რომლის ფარგლებში იმუშავებს ხუთი პლენარული და დასკვნითი, შემაჯამებელი სექცია წინამდებარე თემატიკაზე (ჯამში — 34 საათი): 

1. უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო; 
2. ევროპის სამართალი; 
3. ევროპის უსაფრთხოების კონცეფცია და მისი ელემენტები; 
4. თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს გამოწვევები გლობალიზაციის პირობებში: ტერიტორიული ორგანიზაცია და რეგიონალური კონფლიქტი, ადამიანის უფლებების დაცვა; 
5. თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს გამოწვევები გლობალიზაციის პირობებში: რელიგიური თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა; 
6. ღონისძიების შეჯამება, დასკვნები

პრაქტიკული მოდულის ფარგლებში სკოლის მონაწილეები ესტუმრებიან სხვადასხვა ინსტიტუციებს. სეზონური სკოლის შედეგების გათვალისწინებით ოქტომბერში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დარგის ქართველი და სეზონური სკოლის მონაწილე მოწვეული ლექტორები, პრაქტიკოსები საქართველოს პროკურატურიდან, შსს-ის სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან. ამავე კონფერენციაზე განხორციელდება სეზონური სკოლის ფარგლებში სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი, წინასწარ შერჩეული ნაშრომების პრეზენტაცია. 

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ფართო წრისა და საკითხით ყველა დაინტერესებულ პირთა ჩართვა დისკუსიაში ახალი საფრთხეების არსებობისა  და  მასთან  ბრძოლის  ეფექტიანი  მექანიზმების  შესახებ.  უსაფრთხოების  უზრუნველყოფამ არ  უნდა შეზღუდოს ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პრინციპის დაცვა ახალი დემოკრატიის სახელმწიფოებისთვის. ამ და სხვა საკითხთა შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგებიან ძირითადი და პლენარული მომხსენებლები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ზემოხსენებულ უცხოელ და  ქართველ მეცნიერთა თუ სპეციალისტებისგან.  
ამავე  კონფერენციაზე განხორციელდება სეზონური სკოლის ფარგლებში სტუდენტთა მიერ წარმოდგენილ, წინასწარ შერჩეულ ნაშრომთა პრეზენტაცია და გამარჯვებული ესსეს ავტორ(ებ)ის დაჯილდოვება.

კომბინირებულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის უცხოელი მეცნიერები, რომლებსაც უკავიათ  მაღალი  აკადემიური  და  ადმინისტრაციული  პოზიციები  უცხოეთის  უმაღლეს  სასწვალებლებსა  და კვლევით ინსტიტუტებში (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი ევროპული კვლევების ინსტიტუტი უსაფრთხოებისა და პრევენციის სკოლა, ლა კორუნიას უნივერსიტეტი, ალდო მოროს სახელობის ბარის უნივერსიტეტის). პროექტში მონაწილე კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელების  და  მეცნიერების კვლევითი საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია პროექტით გათვალისწინებულ ძირითად თემატიკასთან. პროექტში მათი მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის ღონისძიების საერთაშორისო ცნობადობას. ასევე, გაღრმავდება, როგორც ინსტიტუციონალური, ისე ინდივიდუალური თანამშრომლობა ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და მეცნიერებს შორის.

სეზონური სკოლისა და კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები გამოიცემა მასალების სახით.

გამოქვეყნების თარიღი:2019-06-17 12:29:17