სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ 2017 წელს დააარსა მაცნეს კლუბი – სადისკუსიო პლატფორმა იურისტებისთვის. ადგილი, სადაც იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები, დამწყები სპეციალისტები, იურისპრუდენციით დაინტერესებული ახალგაზრდები შეძლებენ სამართლის ექსპერტებთან, უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან შეხვედრას და მათთან ერთად მსჯელობას, კამათს, მიმდინარე და აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარებას. კლუბი არის იურისტების სხვადასხვა თაობის არაფორმალური შეხვედრების სივრცე. შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ, 19:00 საათზე, საკანონმდებლო მაცნეს შენობაში (გ. ფანჯიკიძის №2).
კლუბის მიზანია ახალგაზრდა იურისტებისთვის სამომავლო პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რასაც ემსახურება დარგის აღიარებულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრები და დისკუსია წინასწარშერჩეულ საკითხებზე, საჯარო და კერძო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
კლუბი ითვალისწინებს ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობასა და პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარებას. ასევე, ემსახურება ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას, მართლშეგნების ამაღლებას, საჯარო სამსახურის სისტემაში ორიენტაციისა და თავის დამკვიდრებისთვის მათ სათანადო ცოდნით აღჭურვას.
მაცნეს კლუბში ბოლო 1 წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელდა პროექტი „დებატებისა და საჯარო გამოსვლების მიმართულებით“. პროექტი საშუალებას აძლევს მომავალ იურისტებს გაიღრმაონ დებატებისა და საჯარო გამოსვლისთვის აუცილებელი უნარები, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და პრეზენტაციის ჩვევები, გამოიმუშაონ საჯარო მეტყველებისა და გუნდური მუშაობის კულტურა. ამაში ახალგაზრდებს ცნობილი და გამოცდილი იურისტები დაეხმარებიან, რომლებიც მათი მენტორები იქნებიან.
დებატებისა და საჯარო გამოსვლების კურსის ფორმატი ითვალისწინებს არა მხოლოდ სალექციო და შემეცნებით ნაწილს, არამედ მომავალი იურისტების პროაქტიულობასაც. მათ საშუალება ექნებათ უკვე ცნობილ და გამოცდილ იურისტებს დაუსვან ის კითხვები, რაც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და სასწავლო კურსის განსაზღვრაში ჩაერთონ.
დებატებისა და საჯარო გამოსვლების კურსი საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია.
პროექტი გათვალისწინებულია იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ თანდართული
აპლიკაცია არაუგვიანეს 10 ნოემბრისა და გადააგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე – administration@matsne.gov.ge აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ აპლიკანტები გაივლიან გასაუბრების ეტაპს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ტელეფონი – 595340003.
საკონტაქტო პირი – ედიშერ ასათიანი, მაცნეს კლუბის მენეჯერი.