სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დიდი სიხარულით იტყობინება, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თსუ-ში“ (ENPI/2012/306-124) ფარგლებში შექმნილმა ინგლისურენოვანმა, ინტერდისციპლინურმა და ინტერფაკულტეტურმა ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამამ (Doctoral Programme in European Studies) წარმატებით გაიარა რეაკრედიტაციის პროცესი მომდევნო 7 წლით ვადით.
პროგრამის თავდაპირველი კურიკულუმი შემუშავებული იქნა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ექსპერტთა ჩართულობით (ირლანდიის თრინითი კოლეჯი, უნგრეთის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, სლოვენიის უნივერსიტეტი), რის შედეგადაც პირველ ჯერზე პროგრამამ აკრედიტაცია 2014 წელს წარმატებით გაიარა. 2014 წლიდან მოყოლებული, პროგრამის ადმინისტრირების პროცესში დაგროვებული გამოცდილების შესაბამისად, რეაკრედიტაციის მიზნებისთვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N69/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ რეაკრედიტაციის მიზნებისთვის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში ქართველ ექპსერტებთან ერთად მონაწილეობდა ექსპერტი ლიეტუვადან პროფესორი დოქტორი გედიმინას ვიტკუსი. ექსპერტთა პანელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში პროგრამამ დაიმსახურა ძალიან პოზიტიური შეფასება.
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი მადლობას უხდის უნივერსიტეტის რექტორატს, ადმინისტრაციას, დეკანატს, ხარისხის მართვის სამსახურს, აკადემიურ და ადმინისტარციულ პერსონალს, ექსპერტებსა და რეაკრედიტაციის პროცესში ჩართულ თითოეულ პირს ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის.