ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-10-28

იურიდიული ფაკულტეტის პროგრამების განმავითარებელი შეფასება



2019 წლის 12-13 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გარე შეფასების მიზნით ეწვია  საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი  ანა კლებე პელისიე. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით.  

ქალბატონი ანა კლებე პელისიე  ადრეც, 2017 წლის 28-29 ნოემბერს იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული განმავითარებელი შეფასების ფარგლებში, როგორც საერთაშორისო  ექსპერტი, სხვა უცხოელ ექსპერტთან - პროფ. დოქტ. ხოსე მარია დე დიოს მარსერთან (ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი) ერთად.  მათი რეკომენდაციების საფუძველზე ფაკულტეტმა გარკვეული ცვლილებები განახორციელა სამართლის პროგრამებში  და გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი ანა კლებეს  კიდევ ერთი, განმეორებითი შეფასება, პროგრამასთან დაკავშირებით. ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, კერძოდ, ექსპერტი შეხვდა პროგრამების ხელმძღვანელებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ქალბატონ თამარ ზარანდიას და მის მოადგილეებს ბატონ ირაკლი ბურდულსა და ბატონ დემეტრე ეგნატაშვილს, თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირმა გრძელიძესა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს გიორგი მახარობლიშვილს. ვიზიტი ორი დღის მანძილზე გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში პლებემ ინტერვიუები გამართა იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან, მოწვეულ ლექტორებთან, დამსაქმებლებთან, ასევე შეხვდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. 

ქალბატონმა ანა კლებემ ვიზიტის ბოლოს აღნიშნა, რომ  ეს იყო მის ვიზიტთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოდ ორგანიზებული შეხვედრა, რომელშიც გათვალისწინებული და ჩართული იყო საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებული ყველა მხარე, დეტალურად განხილული იყო ყველა მათთვის საინტერესო და არსებითი პრობლემური საკითხი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული სამართლის სკოლა ერთ-ერთ მაღალი დონის სამართლის სკოლაა ევროპული მასშტაბით.
აღნიშნული ვიზიტის დროს ქალბატონი ან-მარი კლებე-პელისიეს მიერ შეფასდა  სამართლის სამივე საფეხურის (MA MA PhD) საგანმანათლებლო პროგრამა. საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტის შემდგომ მომზადდება დასკვნა, რომელიც დაეხმარება იურიდიულ ფაკულტეტს საგანმანათლებლო პროგრამების სამომავლო განვითარებაში.

იხილეთ ფოტომასალა

Print

« იხ. ყველა სიახლე