თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების გუნდმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპული იმიტირებული პროცესის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობა ფინალისტის რანგში დაასრულა. საერთაშორისო სამართლის სტუდენტების გუნდმა ანა ცქიფურიშვილის, ივა ვასაძისა და თამარ ჩხიტუნიძის შემადგენლობით და თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ლექტორის, დოქტორ საბა ფიფიას მწვრთნელობით, წარმატებით იასპარეზა სამ შესარჩევ რაუნდში, ასევე მეოთხედ და ნახევარფინალებში და ფინალშიც გავიდა. შეჯიბრის საერთაშორისო რაუნდებს 2018 წლის 20-25 ნოემბერს ლუბლიანას უნივერსიტეტმა (სლოვენია) უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, გაერო-ს უმაღლესი კომისარიატი ლტოლვილთა საკითხებში, სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლო და ლუბლიანას უნივერსიტეტი.
გუნდს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიურის წინაშე მოუწია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის ისეთ აქტუალურ და ახალ საკითხებზე მსჯელობა, როგორიცაა ავტონომიური იარაღის გამოყენების კანონიერება, კიბერ შეტევა და ომის წარმოების მეთოდები, იძულებით გადაადგილება, ლტოლვილთა გადანაწილების სქემები, უკან გაძევების დაუშვებლობის პრინციპი, ომის დანაშაულები და სხვ.
გუნდი მომზადდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორებისა და დოქტორანტების ხელმძღვანელობით. აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ თსუ-ს ინტერნაციონალიზაციის ამ მიმართულებით უკვე ფართო წარმატებული პრაქტიკა დაამკვიდრა; გუნდს მომზადებაში დაეხმარნენ პროფესორი, დოქტორი ქეთევან ხუციშვილი, რომლის სახელსაც უშუალოდ უკავშირდება თსუ-ში ლტოლვილთა სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის დამოუკიდებელ სასწავლო დისციპლინებად შემოღება, ასევე ინსტიტუტის დოქტორანტი ონისიმე ცხომელიძე.
საერთაშორისო ჰუმანიტარული და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპული იმიტირებული სასამართლო პროცესები წელს მესამედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო სამართლის თვრამეტმა სკოლამ ვენის, ბუდაპეშტის, სტამბოლის, ვარშავის და სხვა ევროპული უნივერსიტეტებიდან. ფინალში თსუ ბრატისლავას კომნენიუსის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა, რომელსაც წილად ხვდა გამარჯვებულის ტიტული.
ქეთევან ხუციშვილმა და საბა ფიფიამ თსუ ასევე წარმოადგინეს იმიტირებული სასამართლო პროცესის თემატიკაზე გამართულ კონფერენციასა და ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის პროფესორების მონაწილეობით, სადაც ამ დისციპლინების სწავლებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.