სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობების საბაკალავრო პროგრამის ზოგადი დახასიათება
სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამისი დონის სპეციალისტის მომზადება და სტუდენტთა აღჭურვა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი სივრცის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციით.
სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა, რომლებიც გრძელდება ოთხი სასწავლო წლის მანძილზე, ითვალისწინებს 240 კრედიტის შესაბამის სასწავლო კომპონენტებს.
სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობების საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ
•კურსდამთავრებული ფლობს დისციპლინის, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების, ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური ნორმების, საერთაშორისო სამართლისა და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების ცოდნას, რომელიც დაფუძნებულია ზოგად საშუალო განათლებაზე და წარმოადგენს პროფესიული განვითარების საფუძველს.
•კურსდამთავრებულს გააჩნია იურისტის პროფესიის ეთიკური ფარგლების ცოდნისა და სოციალური პასუხისმგებლობით მოქმედების, ცოდნის პროფესიულ კონტექსტში გამოყენების, სამართლებრივი დებულებებისა და დოკუმენტების შემუშავების, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.
•კურსდამთავრებულს გააჩნია დებატებში ჩართვის, განსხვავებული აზრის გაგებისა და სამართლებრივი საკითხების ანალიზისას საკუთარი პოზიციის დასაბუთების, ფაქტებიდან სამართლებრივად მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირების, არგუმენტირებული მსჯელობისა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
•კურსდამთავრებული ფლობს მშობლიურ და უცხოურ ენაზე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის, სპეციალისტებისა და არასპეციალისტების წრეში ურთიერთობისა და ურთიერთქმედების, ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის დამაჯერებლად წარმოჩენის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.
•ბაკალავრიატის კურსდამთვარებულს გააჩნია სწავლის, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით პროფესიული განვითარების, საკანონმდებლო ცვლილებების მიდევნებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლებით სარგებლობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების წესით ჩარიცხული აბიტურიენტები.
სტუდენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ საბაკალავრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, სწავლის სემესტრულ საფასურს იხდიან რეგისტრაციის დროს.
საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება იურიდიული ფაკულტეტის სააუდიტორო ფონდის, ბიბლიოთეკისა და რესურსცენტრის გამოყენებით.
საბაკალავრო პროგრამის შინაარსი
სამართლისა და საერთშორისო სამართლის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა შედგება – ა) საბაზისო მოდულის სავალდებულო და არჩევითი საგნებისგან და ბ) სპეციალიზაციის მოდულის არჩევითი საგნებისგან.
ა) სამართლის სპეციალობა
ბ) საერთაშორისო სამართლის სპეციალობა