თანამშრომლობა პეკინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას და თსუ მედიცინის ფაკულტეტს შორის

2019 წლის 8-12 აპრილს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სამი წარმომადგენელი (პროფესორი ნინო ჩიხლაძე, ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური, მოწვეული პედაგოგი გიორგი ლობჟანიძე) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პეკინის უნივერსიტეტში, რომელიც ორგანიზებული იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის და კერძოდ გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფესორ ძი-ჯი ძენის (Zhi-Jie Zheng) მიერ.
ვიზიტის პირველივე დღის შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დეკანის მიერ გამოთქმული იქნა მხარდაჭერა პეკინის უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
სამუშაო ვიზიტის განმავლობაში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფესორ ძი-ჯი ძენის  მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია პეკინის უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის და გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პეკინის უნივერსიტეტი მსოფლიოს რანჟირების სისტემის მიხედვით წამყვან 31-ე ადგილს იკავებს (31st World University Rankings 2019). უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული აქვს ჰარვარდის, ოქსფორდის, კაროლინსკას, მაასტრიხტის, უფსალას  და სხვ. მოწინავე უნივერსიტეტებთან, შთამბეჭდავია უნივერსიტეტის პერსონალის სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში (Lancet, BMJ). განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ ძი-ჯი ძენის  წვლილი გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ჩამოყალიბების და განვითარების მიმართულებით.
გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტში თსუ-ს წარმომადგენლები შეხვდნენ  სტუდენტებს და პერსონალს, სადაც გაკეთდა მოხსენებები შემდეგ თემებზე: საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა (გადამდები და არაგადამდები დაავადებების) ტენდენციები, უმაღლესი სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განათლება საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე განხორციელდა სამუშაო შეხვედრა პეკინის უნივერსიტეტის მესამე ჰოსპიტალის კოლექტივთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: კვლევის და სწავლების, ხარისხის უზრუნველყოფის, კლინიკური ეპიდემიოლოგიური კველვების კვლევების და სხვ. სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა.
  შეხვედრაზე გაკეთდა მოხსენებები ჰოსპიტლის მიღწევების შესახებ როგორც კლინიკურ ნაწილში, ასევე კვლევების და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.  ჰოსპიტალის სერვისების ნუსხა და დატვირთვა ძალიან მაღალია, რაც საგანმანათლებლო კუთხით მეტად მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის.
ვიზიტის დროს მიღებული იქნა შეთანხმება, რომ პეკინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  სკოლას და თსუ მედიცინის ფაკულტეტს შორის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, მედიცინის ფაკულტეტის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა’’ (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ნინო ჩიხლაძე) ფარგლებში განხორციელდება სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლა, განხორციელდება კვლევითი პროექტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გლობალური ჯანდაცვის პრიორიტეტულ სფეროებში. 
პეკინის უნივერსიტეტის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი დაიგეგმა ა/წ 17-24 ივნისს. 



გამოქვეყნების თარიღი:2019-04-17 12:45:57