2015 წლის 14-15 ნოემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმის "პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების - სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციისათვის" სამეცნიერო სესიები და მრგვალი მაგიდები.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები: პროფესორი სტეინ კაასა - პალიატიური მზრუნველობის ევროპის კვლევითი ცენტრის დირექტორი (მეცნიერებისა და ტექნიკის ნორვეგიის უნივერსიტეტი); პროფესორი ჯულია ვერნე - კლინიკური ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ცხოვრების მიწურულისას მზრუნველობის გათვითცნობიერების ეროვნული ქსელის კლინიკური ხელმძღვანელი (ინგლისის დასავლეთის უნივერსიტეტი); პროფესორი კატალინ მუზბეკი - პალიატიური მზრუნველობის აღმოსავლეთ ევროპის სამუშაო ჯგუფის ვიცე- პრეზიდენტი (უნგრეთი); პროფესორი დანიელა მოშოუ, პალიატიური მზრუნველობის ევროპის ასოციაციის გამგეობის წევრი (ბრასოვის უნივერსიტეტი, რუმინეთი); დოქტორი ანდა იანსონე - რიგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ლატვია).
სიმპოზიუმის მოსამზადებელ პერიოდში მისი ორგანიზატორების მიერ შემუშავდა პალიატიურ მზრუნველობაში საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ვერსია, რომლის თაობაზეც უცხოელმა კოლეგებმა მოამზადეს თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები.
სიმპოზიუმზე წარდგენილი იქნა ინფორმაცია ქართველ მედიკოსთა მიერ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევებისა და მათი შედეგების პუბლიკაციის თაობაზე; სიმპოზიუმის მრგვალმა მაგიდამ განიხილა თსუ-ის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ისეთ საერთაშორისო მულტიცენტრულ კვლევებში ჩართულობის შესაძლებლობები და მექანიზმები, რომელთა შედეგების საფუძველზეც ხდება პალიატიური მზრუნველობის ძირითადი არსის - ტკივილის და სხვა მტანჯველი სიმპტომების მართვის - თანამედროვე სტანდარტების შემუშავება.
თსუ სიმპოზიუმზე განხორციელდა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სამეცნიერო „peer review” -ზე დაფუძნებული ჟურნალში „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“, „პალიატიური მედიცინის (მზრუნველობის)“ მუდმივმოქმედი რუბრიკის დაარსება და ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში სიმპოზიუმის მონაწილეთა არჩევა.
15 ნოემბერს, თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მოწმობა და ატრიბუტები გადასცა პროფესორ სტეინ კაასას, რომელიც თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით არჩეულ იქნა თსუ საპატიო დოქტორად. პროფესორმა კაასამ წაიკითხა ლექცია ევროპაში პალიატიური მზრუნველობის თანამედროვე მოდელების თაობაზე.
სიმპოზიუმის დასრულებისას სიმპოზიუმზე მოწვეულმა ექსპერტებმა და ფაკულტეტის დეკანმა - პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ ხელი მოაწერეს „ურთიერთგაგების მემორანდუმს“.
სიმპოზიუმის შედეგების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების - სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციის აუცილობლობის სწორად გააზრებას და საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სისტემის შემდგომ განვითარებას.
სიმპოზიუმი, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი დიმიტრი კორძაია, დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტით.