მედიცინის ფაკულტეტის თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულებით დასრულდა
თსუ მედიცინის ფაკულტეტ ზე დასრულდა ნორვეგიული ფონდის განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტი ,,სადოქტორო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში: სწავლების მესამე ციკლის ნორვეგიული გამოცდილება საქართველოსთვის’’ (პროექტი CPEA-2012/10040 ).
პროექტი ამოქმედდა 2012 წელს. პროექტის კოორდინაცია გაუწია ტრომსოს უნივერსიტეტმა (პროფესორები ტორალფ ჰასვოლდი, ბარდ ეკელი, მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები ), ხოლო საქართველოდან პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფესორები ალექსანდრე ცისკარიძე, პაატა იმნაძე, ნინო ჩიხლაძე, მაკა ჯორბენაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები) და საქართველოს უნივერსიტეტი.
პროექტი მიზნად ისახავდა მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების ჰარმონიზაციას ბოლონიის პროცესებთან ტრომსოს უნივერსიტეტის გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ახალი სასწავლო კურსები, აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და სემინარები როგორც ნორვეგიაში, ისე საქართველოში. მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებმა წარმატებით დაასრულეს ტრომსოს უნივერსიტეტის მიერ სადოქტორო სწავლებისათვის განსაზღვრული სავალდებულო სასწავლო კურსები, მათი სამეცნიერო კვლევის პროცესს ზედამხედველობა ქართველ ხელმძღვანელებთან ერთად ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორებმაც გაუწიეს, სტუდენტთა კვლევის შედეგები ორჯერ იქნა მოსმენილი შუალედურ და შემაჯამებელ კონფერენციაზე ქართველი და ნორვეგიელი პროფესურის მიერ.
2014 წელს ლოზანაში (შვეიცარია) წარდგენილი იქნა პროექტის შედეგები ზეპირი და სასტენდო მოხსენების სახით ,,სადოქტორო პროგრამების მოდერნიზაცია (SIU) -ს პროექტის ფარგლებში ტრომსოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გზით: თსუ-ს და სუ-ს გამოცდილება’’. 2015 წელს გამოქვეყნებული იქნა სახელმძღვანელო საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და ოთხი ერთობლივი სამეცნიერო სტატია, მათ შორის სტატია: ,,სადოქტორო განათლება და კვლევა თსუ მედიცინის ფაკულტეტზე საერთაშორისო თანამშრომლობის განზომილებაში’’, სადაც ასახული იქნა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა არა მხოლოდ სამედიცინო მეცნიერებისათვის, არამედ პაციენტებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის.
პროექტის საბოლოო ანგარიში წარდგენილი იქნა SIU -ს გაფართოებულ სხდომაზე 2015 წლის მაისში ოსლოში, ანგარიშმა ნორვეგიელი კოლეგების მოწონება დაიმსახურა.
პროექტის ფარგლებში ბოლო სამუშაო შეხვედრა ჩატარდა 11-13 ივნისს ნორვეგიაში, რომელზეც ესწრებოდა თსუ პრორექტორი იოსებ სალუქვაძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ტრომსოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, მათ შორის პრორექტორმა პროფ. კენეტ რუდიმ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ალფინ სანდფარდმა , დეკანის მოადგილემ პროფ. მარი სკაალვიკმა. შეხვდაზე გაფორმდა ტრომსოს უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულებას და დაისახა მომავალი თანამშრომლობის სფეროები.