2010-07-12

კავკასიაში პირველი საერთაშორისო კონფერენცია ოკუპაციურ თერაპიაში

 
კავკასიაში პირველი საერთაშორისო კონფერენცია ოკუპაციურ თერაპიაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაცია აწყობს კავკასიაში  პირველ საერთაშორისო კონფერენციას ოკუპაციურ თერაპიაში. 

კონფერენცია გაიმართება 2010 წლის 23 და 24 ივლისს. კონფერენციაში ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობას იღებენ აკადემიური და პრაქტიკოსი სპეციალისტები ევროპიდან, კანადიდან და ამიერკავკასიის ქვეყნებიდან. ძირითად მომხსენებლად არის დაპატიჟებული კანადელი პროფესოსი ელიზაბეტ ტაუნსენდი. 

კონფერენციის მთავარი თემაა: ოკუპაციური თერაპია და მეცნიერება ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობისთვის. 

დემოკრატიული ღირებულებების, თანაბარი უფლებების და მრავალფეროვნების პატივისცემის პრაქტიკული ხელშეწყობის ერთ-ერთი გზა კავკასიაში ოკუპაციური თერაპიის პროფესიის განვითარებაა. 

ოკუპაციური თერაპია ხელს უწყობს ნებისმიერ ადამიანს მისთვის ღირებული საქმიანობების განხორციელებაში, პიროვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასა და საკუთარი თავის რეალიზაციაში. 

ოკუპაციური თერაპევტები საქართველოში მუშაობენ, როგორც შეზღუდული შესაძლებლბების მქონე, ისე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან და მარგინალურ პოპულაციასთან. 

ოკუპაციური თერაპიის პროფესიის დანერგვა საქართველოში 2001 წელს დაიწყო პროექტის ფარგლებში, რომელიც ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის (ENOTHE) ეგიდით და ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრის მონაწილეობით განხორციელდა. 

2004 წელს, იგივე პროექტის ფარგლებში შეიქმნა საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაცია. ასოციაციის წევრები უშუალოდ არიან ჩართულები როგორც პრაქტიკულ მუშაობაში, სხვადასხვა ტიპის პროექტების, აგრეთვე პროფესიის სწავლებაში უმაღლეს განათლებაში.

2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ჯანმრთელობის დამხმარე პროფესიების უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით გაიხსნა ბაკალავრის პროგრამა ოკუპაციურ თერაპიაში. პროგრამა სრულად მიყვება ბოლონიისა და თუნინგის პროცესს. 

კონფერენციის მნიშვნელობა:  მოცემული კონფერენცია ემსახურება როგორც დარგის პოპულარიზაციას, აგრეთვე ჯანმრთელობის თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბეებას ქვეყანასა და ზოგადად რეგიონში; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა შესაბამისი სერვისის და მეცნიერების განვითარების გზით და სპეციალისტების ურთიერთობის განვითარებით; გარდა ამისა, კონფერენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პარტნიორობის დამყარებასა და პროფესიული ურთიერთობისათვის; ქვეყნის და რეგიონის გაცნობა საერთაშორისო პროფესიული სამყაროსთვის.  თანამედროვე აქტუალური საკითხების განხილვა; 


Print

« იხ. ყველა სიახლე