2019-10-16
საერთაშორისო კონფერენცია პროექტის ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში
ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საფუძველი 90-იანი წლების შუა პერიოდში ჩაეყარა. არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება ნორვეგიის უმაღლესი განათლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის გაუმჯობესების სააგენტოს (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“. პროექტი ამოქმედდა 2016 წელს 4 წლიანი ვადით, თუმცა დონორი ორგანიზაციისგან მიღებული იქნა თანხმობა პროექტის გაგრძელებაზე. პროექტში ჩართულები არიან ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკული უნივერსიტეტი - კოორდინატორი ინსტიტუცია (The Arctic University of Norway, UiT), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი ინსტიტუცია საქართველოში), საქართველოს უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობა და კომპანია CiTi . (პროექტის კოორდინატორი - ერიკ ანდა, ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკული უნივერსიტეტი), პროექტის კოორდინატორი საქართველოში - პროფ. ნინო ჩიხლაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
თანამშრომლობის მიზანია პროექტში ჩართული ქართული უმაღლესი განათლების მიმწოდებელი ინსტიტუტების მიერ ინგლისურენოვანი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამაგისტრო პროგრამების შემუშავება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში; რეგისტრებზე დაფუძნებული 3 სადოქტორო დისერტაციის დაცვა ნორვეგიის უნივერსიტეტის ბაზაზე; ერთობლივი კვლევების წარმოება; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოკლე და ხანგრძლივი პერიოდით გაცვლა; ერთობლივი სასწავლო კურსების შემუშავება; პოპულაციური რეგისტრების განვითარება; რეგისტრების ეპიდემიოლოგიის მიმართულებით გამოცდილების დაგროვება.
2018 წელს პროექტის ფარგლებში თსუ მედიცინის ფაკულტეტზე შემუშავებულმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო პროგრამამ ,,Public Health’’ გაიარა აკრედიტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგის საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით და მიიღო უმაღლესი შეფასება: ყველა სტანდარტში სრული შესაბამისობა. წელს თსუ-ში უკვე პროგრამაზე უკვე მეორე მიღება განხორციელდა.
2019 წლის 21-22 ოქტომბერს დაგეგმილია ერთობლივი კონფერენციის ჩატარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. კონფერენცია ეძღვნება პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ირგვლივ ჩატარებული აქტივობების მოხსენებას, ერთობლივი სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგების წარმოდგენას და სამომავლო გეგმების დასახვას.
« იხ. ყველა სიახლე