ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-09-26

ლადო გამსახურდიას სამეცნიერო მიღწევების ადგილობრივი და საერთაშორისო შეფასება


ლადო გამსახურდიას სამეცნიერო მიღწევების ადგილობრივი და საერთაშორისო შეფასება

 

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ლადო გამსახურდიას მიერ შემუშავებულ „პროკულტურაციის“ ორიგინალურ სამეცნიერო კონცეფციას კულტურული ფსიქოლოგიის ინოვაციად აფასებენ, რომელიც სწრაფი ტემპებით იმკვიდრებს თავს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. 

2019 წელს თეორიული ფსიქოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების მეთვრამეტე ბიენალეს სამეცნიერო კონფერენციაზე ლადო გამსახურდიას ხელმძღვანელობით გაიმართა სიმპოზიუმი პროკულტურაციის თეორიის შესახებ, რომელშიც ჯორჯთაუნისა (აშშ) და მადრიდის (ესპანეთი) დამოუკიდებელ უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერები მონაწილეობდნენ.

გამოჩენილი მეცნიერი იან ვალსინერი, კულტურის ფსიქოლოგიის სფეროში მიმდინარე 25 წლიანი მოვლენების შემაჯამებელ პუბლიკაციაში ლადო გამსახურდიას პროკულტურაციის თეორიას თანამედროვე ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან ინოვაციებს შორის გამოჰყოფს. მისი თქმით: „პროკულტურაციის თეორია ქმნის კულტურა და ფსიქოლოგიის უახლეს ინოვაციას (Gamsakhurdia, 2018, 2019) და აფართოებს აკულტურაციის შესახებ კარგად ფესვგადგმულ დისკურსებს ” (Valsiner, 2019).  

ლადო გამსახურდია აქტიურად იბეჭდება მაღალი სამეცნიერო იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო გამოცემებში. მის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მიღწეული სამეცნიერო შედეგები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საუკეთესოდ შეფასდა და 2019 წლის დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია მიანიჭა.

ლადო გამსახურდია ფლობს დოქტორის ხარისხს ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში, მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიაში და ბაკალავრის ხარისხს ზოგად ფსიქოლოგიაში  (თსუ).   2016 წლიდან ის თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორია. ლადო გამსახურდია სხვადახვა პერიოდში მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა ლუქსემბურის, აალბორგის, ფრიბურგის და ბასკეთის უნივერსიტეტებში, ასევე ჩიკაგოს უნივერსიტეტის ადამიანის კომპარატივისტული განვითარების დეპარტამენტში .

ამჟამად კი, ის შვედეთის მთავრობის დაფინანსებით იმყოფება უფსალის უნივერსიტეტში (შვედეთი) პოსტ-დოკ მკვლევრის სტატუსით და პარალელურად ჩართულია არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში.

 

მოამზადა დიმიტრი ჩუბინიძემ

სამეცნიერო კვლევებისა და განავითარების სამსახური

Print

« იხ. ყველა სიახლე