თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა - ლადო (ვლადიმერ) გამსახურდიამ ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროექტის - "ქართველთა აკულტურაციის პროცესისა და შინაგანი დიალოგისათვის მისი მნიშვნელობის კვლევა" - ფარგლებში მიმდინარე კვლევის პროცესში განავითარა თეორიული ინოვაცია, რაც სოციოკულტურულ სიახლეებთან არსებული თეორიული პლატფორმების არსობრივ განახლებას ითვალისწინებს. კერძოდ, დასაბუთებულ იქნა აკულტურაციის ცნების და მასთან დაკავშირებული კვლევების შეუსაბამობა რეალურ ცხოვრებისეულ კანონზომიერებებთან. სანაცვლოდ დამუშავებულ და შეთავაზებულ იქნა ახალი ალტერნატიული თეორიული ცნება - პროკულტურაცია. პროკულტურაცია აღნიშნავს პიროვნებაზე-ცენტრირებული სუბიექტივისტური ადაპტაციის პროცესს ახალ სოციოკულტურულ მნიშვნელობებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ აკულტურაციის პროცესი ახალგაზრდა მეცნიერის მიერ განიხილება დიალოგური სელფის თეორიის კონტექსტში.
აღნიშნული ინოვაცია სტატიის სახით გამოქვეყნდა ჟურნალში “
კულტურა და ფსიქოლოგია”, რომელიც ფსიქოლოგიის სფეროში მხოლოდ თეორიულ ინოვაციებს აქვეყნებს და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე წონად სამეცნიერო გამოცემას წარმოადგენს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი ფსიქოლოგი ქართული უნივერსიტეტის სახელით, ერთი ავტორის სტატუსით, ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში აქვეყნებს ინოვაციურ თეორიულ ნაშრომს.
გასათვალისწინებელია, რომ თეორიული ინოვაცია ამ პროექტით გათვალისწინებული არ იყო. აღნიშნული ცნების თეორიული დამუშავება მკვლევრის შემოქმედებითი მიდგომის შედეგია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მზადდება ახალი მასალები და იგეგმება მათი გამოქვეყნება ამჯერად ემპირიული კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემთა საფუძველზე.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.