8 აპრილს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეშვიდე ნომრის პრეზენტაცია.
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაარსდა 2015 წელს. ამჟამად გამოცემულია ჟურნალის 7 ნომერი. ჟურნალი ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას.
ჟურნალი არის ღია ხელმისაწვდომობის საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემა (აქვს საერთაშორისო ISSN კოდი). სტატიები გამოქვეყნებამდე გადის ორმაგ ფარულ რეცენზირებას. შიდა რეცენზირებას ახორციელებენ რედკოლეგიის წევრები, რის შემდეგაც სტატია იგზავნება გარე რეცენზირებაზე საერთაშორისო ექსპერტებთან.
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეშვიდე გამოცემაში სტატიები აანალიზებს საერთაშორისო ურთიერთობის, საჯარო მმართველობის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის კუთხით არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოწვევებს.
გთხოვთ მობრძანდეთ!
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 202–ე აუდიტორია.