ბეჭდვა |/ დახურვა |
დასრულდა საქართველოს საკალათბურთო ა-ლიგა, სადაც ს.კ. „თსუ-ჰიუნდაი“ ასპარეზობდა. ბოლო მატჩი ჩვენმა გუნდმა წყალტუბოში ჩაატარა და დამაჯერებლად 92-63 გაიმარჯვა.
თსუ-ჰიუნდაიმ გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონისთვის ოთხეულში გარანტირებულად, საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის გარეშე იქნება და ამასთან, მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჰიუნდაი ავტო ჯორჯიას თანამშრომლობის შედეგად შექმნილმა გუნდმა, რომელიც ძირითადად, ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გამოუცდელი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ყველასთვის მოულოდნელად დიდი კონკურენცია გაუწია ტურნირის ფავორიტ გუნდებს სუპერ-ლიგაში გადასასვლელად.
თსუ-მა და ჰიუნდაიმ სეზონის დასაწყისამდე ცოტა ხნით ადრე მიაღწიეს შეთანხმებას გუნდის საერთო ძალებით შექმნის თაობაზე. კლუბის პრეზიდენტად თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ხარჯავანიძე დაინიშნა, ხოლო სამწვრთნელო შტაბს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ჩაუდგა სათავეში.
გუნდს სეზონის სტარტზე დაემატა ორი ლეგიონერი, ამერიკელი კრისტოფერ ანდერსონი და სამხრეთ აფრიკელი კრისტოფერ გაბრიელი, რომლებმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს გუნდის წარმატებაში.
ახალ შექმნილი კლუბის ამოცანა პირველ სეზონში „ა-ლიგაში“ ადგილის შენარჩუნება, ახალგაზრდა მოთამაშეების კვალიფიკაციის ამაღლება და მომავალი სეზონისთვის ძლიერი გუნდის ფორმირება იყო, ამის მიუხედავად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „თსუ-ჰიუნდაიმ“ სეზონის მიმდინარეობისას საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა და გარკვეული პერიოდი ძალიან ახლოს იყო სუპერ ლიგის საგზურის მოპოვებასთან.
გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო სამხრეთ აფრიკელი ცენტრი კრისტოფერ გაბრიელი, რომლის ანგარიშზეც 15 შეხვედრაში 192 ქულა (საშუალო მაჩვენებელი 12,8) და 134 მოხსნაა (8,93).
კარგი სეზონი ჰქონდა სანდრო სანაძეს, რომელსაც ჩაგდებული ბურთებით საუკეთესო შედეგი აქვს გუნდში, 239 ქულა 15 შეხვედრაში (15,93).
ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა ჩვენმა ამერიკელმა ლეგიონერმა, კრისტოფერ ანდერსონმა, რომლის თამაშის ყურებაც, ნამდვილად, სიამოვნებას ანიჭებდა კალათბურთის გულშემატკივარს. მის ანგარიშზე 13 თამაშში 177 ქულა(13,62) და 97 პასია(7,46) . მიუხედავად იმისა, რომ კრისტოფერით როგორც ქართული, ასევე ევროპული კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ის შემდეგ სეზონსაც „თსუ-ჰიუნდაიში“ გაატარებს, რაც დიდი ძალა იქნება დასახული ამოცანის შესასრულებლად.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტსა და ჰიუნდაის შორის თანამშრომლობამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. საორგანიზაციო მიმართულებით მინიმუმამდე იყო დაყვანილი ხარვეზები და გუნდს ამ კუთხით პრობლემები არ ჰქონია.
მომავალ სეზონში გუნდი ლეგიონერებით გაძლიერებასა და ასევე, გუნდში მყოფი ახალგაზრდა მოთამაშეებიდან საუკეთესოების შენარჩუნებას გეგმავს. რაც საშუალებას მოგვცემს, გუნდი სუპერ-ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განვიხილოთ.
წარმატებებს ვუსურვებთ „თსუ-ჰიუნდაის“ მომავალ ასპარეზობებზე.