ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება გამოჩენილი ქართველი ძმების სვიმონ და ალექსანდრე კლდიაშვილების პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 232 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის . ძმების განსხვავებული პროფესიებიდან გამომდინარე, კოლექციაში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურაა თავმოყრილი, რომელთა უმეტესობა უცხოენოვანია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 1899-1906 წლებში არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის (1865–1920) მიერ აიგო. თავდაპირველად აქ სათავადაზნაურო გიმნაზია იყო განთავსებული, რომლის ასაშენებლად თანხა ცნობილმა მეცენატებმა-დავით სარაჯიშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა და კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრაბატონმა გაიღეს. სვიმონ კლდიაშვილი მოესწრო მის მიერ აგებულ შენობაში ქართული უნივერსიტეტის გახსნას. მან ახალგახსნილ უნივერსიტეტს საკუთარი ბიბლიოთეკა გადასცა. არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი ცნობილია, როგორც კლასიკური სტი
ლის თაყვანისმცემელი და სამხატვრო საზოგადოების აქტიური წევრი, საზოგადო მოღვაწე. მისი პროექტით მრავალი შენობაა აგებული სოხუმსა და თბილისში.
სვიმონის უმცროსი ძმა - ალექსანდრე კლდიაშვილი (1873-1905) დაიბადა 1873 წლის 2 თებერვალს. 1895 წლიდან სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. მისი მასწავლებელი იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და ქიმიკოსი პროფესორი ვასილ პეტრიაშვილი. 1899 წე
ლს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი პირველი ხარისხის დიპლომით. შემდეგ მიიწვიეს პლოტიანსკის სასოფლო-სამეურნეო საცდელ სადგურზე, სადაც ალექსანდრე შეუდგა საპასუხისმგებლო მუშაობას.
1901 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტთან არსებულ ბუნებისმეტყველთა საზოგადოებამ ალექსანდრე კლდიაშვილი აირჩია თავის ნამდვილ წევრთა რიცხვში. 1902 წელს საბა გაემგზავრა სამეცნიერო მივლინებით ბერლინის უნივერიტეტში. სადაც გაეცნო ქიმიის სწავლების საქმეს, პრაქტიკულ მუშაობას, გამოცდების სისტემას და ფილოსოფიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის სავალდებულო სამუშაოებს ქიმიაში.
ალექსანდრე კლდიაშვილი ავტორია პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი ქიმიაში - „მოკლე მინერალური ქიმია“. ამ სახელმძღვანელოთი ალექსანდრე კლდიაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეს. სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ქიმიის კურსს, რომელშიც გაშუქებულია კლასიკური ქიმიის მეცნიერული საფუძვლები და მოცემულია ქიმიური ექსპერიმენტების მეთოდიკა.
1905 წელს ალექსანდრე კლდიაშვილმა დარბევას გადაარჩინა ოდესელ ებრაელთა ოჯახი, რის გამოც იგი შავრაზმელთა მსხვერპლი გახდა.