2018-06-12
„ქართულ-ინგლისური მათემატიკური ლექსიკონის“ პრეზენტაცია
12 ივნისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი ლექსიკოგრაფის, თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთარგმნელი-რედაქტორის ციცინო გაბესკირიას „ქართულ-ინგლისური მათემატიკური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართება.
ლექსიკონი ეფუძნება ავტორის მიერ 1983 წელს გამოცემულ „ინგლისურ-ქართულ მათემატიკურ ლექსიკონს", მაგრამ არის შევსებული და განვრცობილი ავტორის მრავალწლიანი მთარგმნელობითი მუშაობის შედეგად შეკრებილი, ქართველი მკითხველისათვის აქტუალური, თანამედროვე მათემატიკური ტერმინოლოგიით. ლექსიკონი მოიცავს მათემატიკის, გამოთვლითი ტექნიკის, ნაწილობრივ ასტრონომიის, ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ტერმინებს. მისი მიზანია გაუადვილოს მათემატიკური ტექსტების ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა როგორც სტუდენტებს, ასევე მკვლევარ მათემატიკოსებს, ფიზიკოსებსა და ინჟინრებს.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი