2016-12-17

პროექტ "ვისწავლოთ ქართულის" დასკვნითი ღონისძიება

17 დეკემბერს,  14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის სახელმწიფო ენისა და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული მეთოდით ინტეგრირებული სწავლების პროგრამა “ვისწავლოთ ქართულის” საზეიმო დახურვის ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და კურსის მსმენელები დაესწრებიან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წელს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტის  „ვისწავლოთ ქართული" განხორციელება. პროექტის მიხედვით საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამას, რომელიც ყველა მსურველს სთავაზობს სახელმწიფო ენის შესწავლას. პროექტი განხორციელდა  სამი რეგიონის (ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე–ჯავახეთი), 9 მუნიციპალიტეტში  (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, საგარეჯო, ლაგოდეხი), 60 სოფელში, სადაც  2500–ზე მეტი მსმენელია. ამ პროგრამისთვის შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო (შემდგენელი-თსუ ასოცირებული პროფესორი კახა გაბუნია), ხოლო სწავლებას რეგიონებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებოდნენ. 

ღონისძიებაზე წარმატებულ მსმენელთა და, აგრეთვე, მასწავლებელთა სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია, პროექტის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, სწავლების პროცესის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის ჩვენება გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი