2016-02-09

აქცია „მწვანე ყუთი“

9 თებერვალს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრი იწყებს აქციას „ მწვანე ყუთი“.  ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოში გაეროს ოფისის წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესრებიან.

აქციის ფარგლებში თსუ I და VII კორპუსებში გამოიყოფა ადგილები, სადაც განთავსდება  ე.წ. „მწვანე ყუთი“ , რომელშიც მოგროვდება ქაღალდის ნარჩენები. სამი თვის განმავლობაში შეგროვებული მაკულატურა  წიგნებში გადაიცვლება, რომლითაც  თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული კაბინეტური ბიბლიოთეკა შეივსება.
 
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე გაფართოვდება მაკულატურის მოგროვების საუნივერსიტეტო არეალი და იგეგმება მაკულატურის გადაცვლა ნერგებში, რომელიც უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საჯარო სივრცის გამწვანებას.
პროექტში ჩართულები არიან თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრის აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულენოვანი სტუდენტები, რომლებიც მწვანე ყუთების განთავსებამდე  გეგმავენ  გარემოს დაცვითი პიარკამპანიის წარმოებას,  რაც გულისხმობს შესაბამისი სლოგანების მოფიქრებასა და მწვანე ყუთების გაფორმებას (მოხატვას).

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არსებული ქაღალდის ნარჩენების რაციონალურად მართვასა და გარემოსდაცვითი თვითშეგნების ამაღლებას როგორც სტუდენტებში, ასევე უნივერსიტეტის პერსონალში.

ღონისძიება იმართება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის #55, თსუ მე-7 კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი