2018-10-24

„ტოკუგავას პერიოდის სულისკვეთება“

24 ოქტომბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექცია „ტოკუგავას პერიოდის სულისკვეთება“ (Spirit of the Tokugawa Era) გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე და იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა დაესწრებიან.

ტოკუგავა ნარიმასა არის ტოკუგავა-შოგუნატის (სამურაების მმართველი ფენა) ოჯახის, მიტოს შტოს მე-15 თავკაცი. იგი ამჟამად „ტოკიო მარინი“ და „ნიჩიდო ფაიერის“ სადაზღვევო კომპანიის („ტოკიო მარინ“) აღმასრულებელი მრჩეველია. სხვა მრავალი საზოგადოებრივი საქმიანობის პარალელურად იგი ასევე არის საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორი და საზოგადო ინტერესთა ფონდ ტოკუგავას მუზეუმის პრეზიდენტი ქალაქ მიტოში, საიდანაც წარმოშობით იყო უკანასკნელი შოგუნი.

ტოკუგავას, იგივე ედოს პერიოდი განსაკუთრებული ერაა იაპონიის ისტორიაში. 1603 წელს ქვეყნის სათავეში მოსული ტოკუგავების საგვარეულო (1603-1867) გახდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კულტურული სიახლეების ავტორი და შემოქმედი. იაპონიის ხელოვნების ოქროს ხანაც ტოკუგავების სახელს უკავშირდება. ტოკუგავა ნარიმასას მისიაა დაიცვას და შემდგომ თაობებს გადასცეს ტოკუგავას ოჯახის ტრადიციები.

საჯარო ლექცია იაპონიის კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების „ტოკუგავა და სხვა ოსტატები“ ორგანიზატორები არიან: ტოკუგავას მუზეუმი (იაპონია), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.

ლექცია ჩატარდება იაპონურ ენაზე, ქართული თაგმანით.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია # 115




« იხ. ყველა ანონსი